1749971760
10 ქვეყანა, რომლის წარმოებულ პროდუქტზე აშშ ყველაზე მეტად არის დამოკიდებული

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატარიფო პოლიტიკა გაამკაცრა, ამერიკასა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ერთგვარად დაიძაბა.
როგორც აღმოჩნდა, აშშ პროდუქციის იმპორტის მხრივ სხვა ქვეყნებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომლებსაც აშშ-ში დიდი ოდენობის ნაწარმი შეაქვთ. მაჩვენებელი აღებულია New York Times-ის მიერ აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო კომისიის მონაცემებიდან.
კანადა: ცოცხალი ღორის იმპორტის 99%-ზე მეტი
ამერიკის მესამე უმსხვილესმა იმპორტიორმა პარტნიორმა, კანადამ, 2024 წელს სამხრეთელ მეზობელს 412.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაუგზავნა.
კანადა აშშ-ში ცოცხალი ღორის იმპორტის თითქმის მთლიანი წყაროა.
სინამდვილეში, აშშ ძალიან არის დამოკიდებული კანადაზე აუცილებელი საქონლის ფართო სპექტრში, ნავთობიდან - ალუმინამდე.
პერუ: კალციუმის ფოსფატის იმპორტის 99%-ზე მეტი
პერუს აშშ-ში ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია ახალი ხილი და სპილენძი. თუმცა, დამოკიდებულების თვალსაზრისით, აშშ თითქმის მთლიანად დამოკიდებულია სამხრეთ ამერიკის ქვეყანაზე კალციუმის ფოსფატზე, სასუქის ძირითად ინგრედიენტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ს სურსათის უვნებლობისთვის.
სამხრეთ აფრიკა: ქრომის მადნის იმპორტის 98%
ამერიკა უკიდურესად არის დამოკიდებული სამხრეთ აფრიკაზე ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელი კრიტიკული მინერალის - ქრომის იმპორტზე.
ქრომის მადანი გათავისუფლდა ტრამპის ტარიფებისგან, რაც სტრატეგიული ნაბიჯი იყო შიდა ფოლადის ინდუსტრიის მარაგების დასაცავად.
შვეიცარია: ძვირფასი ლითონის საათების იმპორტის 98%
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი შესაძლოა, ამერიკას ძვირფასი ქვებითა და სხვა წვრილმანებით ამშვენებს, შვეიცარია ჭეშმარიტად პრესტიჟული საათებით გამოირჩევა.
როდესაც საქმე ძვირფასი ლითონის საათებს ეხება, აშშ თითქმის ექსკლუზიურად შვეიცარიას მიმართავს.
ჩინეთი: საბავშვო ეტლების იმპორტის 97%
შესაძლოა, ჩინეთი აღარ იყოს ამერიკის მთავარი იმპორტიორი, მაგრამ გასულ წელს მან მაინც განახორციელა 438.95 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი აშშ-ში.
თუმცა, მისი ექსპორტი ქვეყანაში ბოლო დროს მკვეთრად შემცირდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების გამო. მაისში გადაზიდვები 34%-ით შემცირდა - ეს ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კლებაა.
ჩინეთის ყველაზე მომგებიანი ექსპორტი ამერიკაში ელექტრონიკაა, მაგრამ აშშ საბავშვო ეტლების კუთხით ყველაზე მეტად სახალხო რესპუბლიკაზეა დამოკიდებული.
მექსიკა: იმპორტის 94% თვითმავალი სარკინიგზო ტრანსპორტია
მექსიკა ამერიკისთვის საქონლის ფართო სპექტრის ძირითადი წყაროა, მათ შორის, კომპიუტერების, ელექტრომოწყობილობების და მაცივრების. მაგრამ აშშ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზეა დამოკიდებული თვითმავალი სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, ძირითადად, ლოკომოტივებისა და მატარებლის ვაგონებისთვის.
ინდოეთი: სინთეტიკური ძვირფასი ქვების იმპორტის 89%
ამერიკა სინთეტიკური ძვირფასი ქვების იმპორტის მხრივ ყველაზე მეტად ინდოეთზეა დამოკიდებული, რაც 89%-ს შეადგენს.
ბრაზილია: ნახევრად დამუშავებული რკინის იმპორტის 76%
ბრაზილია ნახევრად დამუშავებული რკინის ამერიკის მთავარი უცხოური წყაროა, რომელიც ფოლადის წარმოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქციის იმპორტზე ამჟამად მკაცრი ტარიფებია დაწესებული, რაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბრაზილიიდან აშშ-ში ლითონის ნაკადზე.
ნახევრად დამუშავებული რკინის გარდა, ბრაზილიას აშშ-ში შეაქვს ყავა, ხილის წვენი, ნედლი შაქარი და სამშენებლო ქვა.
ავსტრალია: ცხვრისა და თხის ხორცის იმპორტის 74%
ამერიკას ავსტრალიური ხორცის მიმართ, როგორც ჩანს, დიდი „მადა“ აქვს. ბოლო სტატისტიკით, ამერიკა ცხვრის ხორცის ნახევარზე მეტს საზღვარგარეთ ყიდულობს, ხოლო თხის ხორცის უმეტეს ნაწილს ავსტრალიიდან, რომელიც დღემდე ნომერ პირველი მიმწოდებელია.
ახალი ზელანდია: სხვადასხვა ცხოველური ცხიმების 73% იმპორტირებულია
ფართოდ გავრცელებული ხორცის ინდუსტრიის თანმდევი პროდუქტი - ცხიმი, ახალ ზელანდიაში უზარმაზარი რაოდენობით იწარმოება.
ამერიკა ცხოველური ცხიმის იმპორტის უმეტეს ნაწილს ახალი ზელანდიიდან იღებს. გარდა კულინარიისა, ეს ცხიმები ასევე გამოიყენება ცხოველთა საკვებში, ბიოსაწვავში, კოსმეტიკასა და სხვა პროდუქტებში.
წყარო: lovemoney.com