1752307380
რომელია 2025 წლის ყველაზე საიმედო ავტომობილი - რეიტინგი

ამერიკულმა სააგენტო J.D. Power-მა Lexus-ი, Nissan-ი და Hyundai-ი ყველაზე საიმედო ავტომობილებად აღიარა - ამის შესახებ რეიტინგს Autonews ავრცელებს.
სააგენტოს მიერ აშშ-ში ჩატარებულ 39-ე ყოველწლიურ კვლევა US Initial Quality Study-ში წლევანდელი მოდელის ავტომობილების 92.694 მფლობელი და მოიჯარე მონაწილეობდა. გამოკითხვა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის ივნისამდე ჩატარდა და ძრავის მუშაობის, მულტიმედიური სისტემების, ინტერიერისა და საერთო ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ 227 კითხვას მოიცავდა.
მონაწილეებს ავტომობილის შეძენიდან პირველი 90 დღის განმავლობაში მათ მიერ წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ეკითხებოდნენ. რეიტინგი თითოეული ბრენდის 100 ავტომობილზე ასეთი შემთხვევების სიხშირის მიხედვით (problems per 100-РР100) შედგა.
მასობრივი და პრემიუმბრენდების საერთო რეიტინგი ასეთია:
- Lexus (90 დღეში 100 ავტომობილზე 166 ხარვეზი - 166 РР100);
- Nissan (169 РР100);
- Hyundai (173 РР100);
- Jaguar (175 РР100);
- Chevrolet (178 РР100);
- Honda (179 РР100);
- Dodge (180 РР100);
- Kia (181 РР100);
- Buick (183 РР100);
- Genesis (183 РР100);
- Jeep (186 РР100);
- Subaru (187 РР100);
- Porsche (188 РР100).
Lexus-ი საწყისი ხარისხის ყველაზე მაღალი საერთო რეიტინგის მქონე ბრენდია (166 PP100). პრემიუმბრენდებს შორის მეორე ადგილი Jaguar-მა (175 PP100), ხოლო მესამე Genesis-მა (183 PP100) დაიკავა. მასობრივი ბრენდებიდან ლიდერი Nissan (169 PP100) გახდა. მეორე ადგილზე Hyundai (173 PP100), ხოლო მესამეზე Chevrolet (178 PP100) გავიდა.
ყველა ავტომობილს შორის ყველაზე მაღალი ინდივიდუალური ხარისხის შეფასება Volkswagen AG-ის Porsche 911-მა მიიღო (116 PP100), რაც წლევანდელი კვლევის საუკეთესო შედეგია.
იმის მიუხედავად, რომ დიზაინთან დაკავშირებული პრობლემების რაოდენობა პრემიუმ და მასობრივი ბაზრის ავტომობილებში, დაახლოებით, ერთნაირია, დეფექტები და გაუმართაობები პრემიუმსეგმენტში უფრო ხშირია. ყველაზე დიდი სხვაობა ექსტერიერის ხარისხშია. კერძოდ, პრემიუმავტომობილებს, საშუალოდ, 4.2-ით მეტი პრობლემა აღმოაჩნდა, ვიდრე ხელმისაწვდომ მოდელებს და ამ მაჩვენებელში მთავარი წვლილი ახლად შექმნილი ბრენდების მწარმოებლებს მიუძღვით.