1742537701
ტრამპი დღეს აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც განათლების სამინისტროს დახურვის პროცესს დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც განათლების სამინისტროს დახურვის პროცესს დაიწყებს. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა დაადასტურა.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განკარგულებას თეთრ სახლში ცერემონიაზე მოაწერს ხელს, რომელსაც რამდენიმე რესპუბლიკელი გუბერნატორი და განათლების საკითხებში მდივანი დაესწრება.
განკარგულებით ტრამპი განათლების მინისტრს, ლინდა მაკმაჰონს, დაავალებს "ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას", რათა ხელი შეუწყოს სამინისტროს დახურვას.
Reuters-ის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს დახურვისთვის ტრამპს კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება. რესპუბლიკელებს სენატში 100-დან 53 ადგილი აქვთ, თუმცა სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ კანონის მისაღებად 60 ხმაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, მინიმუმ, შვიდი დემოკრატის მხარდაჭერა დასჭირდება.