1752307380
აშშ-ში სატვირთოს მძღოლებისთვის ინგლისურის ცოდნა სავალდებულო ხდება - რას მოიცავს ტრამპის დადგენილება?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი აღმასრულებელი დადგენილება გამოსცა. ამიერიდან, შტატებში დასაქმებულ სატვირთოს მძღოლებს ინგლისურის გამართულად ცოდნის ვალდებულება ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტ ობამას მიერ, 2016 წელს მიღებული დადგენილება გაუქმდა. ცნობისთვის, აქამდე არსებული ფედერალური კანონმდებლობა მძღოლებს ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნას არ ავალდებულებდა. ახალი დადგენილებით კი, საგზაო ნიშნების წაკითხვა, ოფიციალურ პირებთან ინგლისურად საუბარი და დოკუმენტების შევსება ყველა მათგანს უნდა შეეძლოს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გადაწყვეტილებაზე უმნიშვნელოვანესად შეაფასა. მისი განცხადებით, ამერიკული თუ საერთაშორისო ტვირთების მინდობა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საგზაო ნიშნების კითხვაც კი არ იციან, არამხოლოდ მიუღებელი, არამედ დაუშვებელიცაა.
სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შონ დაფის ახალი დადგენილების ასამოქმედებლად 60 დღე ეძლევა. მას არსებული კანონმდებლობის ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება მოუწევს. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მძღოლებისთვის ლიცენზიების ჩამორთმევას შეეხება. იმ ადამიანებს, რომლებიც ინგლისურის გამართულად ცოდნის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ, საქმიანობას დაუყოვნებლივ დაემშვიდობებიან.
აღსანიშნავია, რომ შტატების მთავარი გადამზიდი კომპანიები ტრამპის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. მათი განცხადებით, ახალი დადგენილებით ამერიკის გზები უფრო უსაფრთხო, ტვირთების ტრანსპორტირება კი უფრო მობილური გახდება. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ცვლილებებს კრიტიკოსებიც მალევე გამოუჩნდნენ. მათი შეფასებით, ინგლისურად გამართულად საუბრისა და კითხვის მოთხოვნა დასაქმებულთა რაოდენობას შეამცირებს. შედეგად, ტვირთების გადაზიდვა შეფერხდება. დადგენილების მოწინააღმდეგეები დისკრიმინაციის რისკებზეც საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, არსებობს საფრთხე, რომ საგზაო უსაფრთხოების წარმომადგენლები მძღოლებს ლიცენზიას არა ინგლისური ენის არცოდნის, არამედ წარმომავლობის გამო ჩამოართმევენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ცვლილებასთან ადაპტირების მიზნით, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები არაერთ შტატში გაიხსნა. სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან პრეზიდენტ ტრამპის ახალი აღმასრულებელი დადგენილება, სულ მცირე, 2028 წლამდე აღარ შეიცვლება.
bm.ge