1752307380
„იაფი რუსი ტურისტები აფხაზეთის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემუქრებიან“ - აფხაზეთის „კინოფონდი“

აფხაზეთის „კინოფონდის“ დირექტორმა, ალექსანდრ ბასარიამ განსახლების ადგილობრივ ბიზნესს მოუწოდა, რუს ტურისტებზე უარი თქვან, რადგან ისინი იაფ ტურებს ყიდულობენ და დასვენებაზე ფულს ზოგავენ. მისი თქმით, რუსი ტუროპერატორები სასტუმროების ბიზნესსა და ექსკურსიებში ფასების დემპინგს ეწევიან, რის გამოც აფხაზი მეწარმეები იტანჯებიან.
ბასარიას ვიდეომიმართვა Telegram-არხ Sovmin-ზე გავრცელდა.
ის ამბობს, რომ „რუსი ტურისტები, რომლებიც რესტორნებზე, კლუბებზე, წვეულებებსა და ექსკურსიებზე უარს ამბობენ, აფხაზეთის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემუქრებიან.“
ბასარიას შეფასებით, ასეთი ტურისტების გამო მცირე ბიზნესი ზარალს განიცდის და დამსვენებლები, რომლებმაც აფხაზეთში ტურებზე ხარჯი დაზოგეს, ფულს გართობაზე უნდა ხარჯავდნენ.
„თუმცა ეს ასე არ ხდება: ისინი რატომღაც საკუთარ პატარა ტერიტორიებზე, საკუთარ პატარა ანკლავებში ცხოვრობენ. ეს დიდი პრობლემა და დიდი კატასტროფაა,“ - ამბობს ბასარია.
ის აფხაზეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ „რუსეთიდან ჩასულ ტუროპერატორებთან თანამშრომლობა ცალმხრივად შეწყვიტონ.“
აფხაზურ და რუსულ სოციალურ ქსელებში ალექსანდრ ბასარიას ვიედოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთიდან ჩასულ ტურისტებთან დაკავშირებით მხოლოდ ე.წ. ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციაზე გაამახვილონ ყურადღება და პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
უწყება ბასარიას განცხადებებს პროვოკაციულად აფასებს და ხაზგასმით შენიშნავს, რომ რუსეთიდან ჩასული სტუმრები აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არ ემუქრებიან.
„აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორად რჩება და სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენის ნებისმიერი მცდელობა რეალობას არ შეესაბამება,“ - წერია განცხადებაში.
თავად ბასარიამ, დე ფაქტო ხელისუფლების ჩარევის შემდეგ, თავისი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა. შესაბამისი ვიდეო „სპუტნიკ-აბხაზიამ“ გამოაქვეყნა. ბასარიას თქმით, ის „მიხვდა, რომ ცდებოდა“ და აფხაზეთის უსაფრთხოებას „სწორედ ასეთი პროვოკაციული განცხადებები ემუქრება.“ ბოლოს ის დასძენს, რომ „აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხი სტუმართმოყვარეობით ყოველთვის გამოირჩეოდა.“
ცნობისთვის: ივნისში დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასული ტურისტების უმეტესობა მცირე თანხას ხარჯავს. ის ამბობდა, რომ აფხაზეთს ასეთი სტუმრები არ სჭირდება, რადგან იმ შემოსავალს ვერ მიიღებს, რომელზეც იმედოვნებდა.
თემა აფხაზურ და რუსულ მედიასაშუალებებში გახმაურდა, რის გამოც ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ ასტამურ ლოგუას თავის მართლება მოუწია. მისი თქმით, უწყების თანამშრომლის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ე.წ. სამინისტროს პოზიციას არ წარმოადგენს. ლოგუა აცხადებდა, რომ აფხაზეთის ტურიზმის ინდუსტრიაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში ბევრი პრობლემაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს, ხელისუფლება შერჩევით უდგება ტურისტს, ვისი ნახვაც აფხაზეთში სურს. ასევე, აფხაზ ჩინოვნიკს მაშინ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ალექსეი ვოლოცკოვიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ეკონომიკური წარმატებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რუსების ხარჯზე მიიღწევა.
კრისტინა ლაკერბაია სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს.
bpn.ge