1752307380
რას ითხოვენ ჩინეთში “ლაბუბუს” მფლობელი Pop Mart-ისგან?

როგორც ჩანს, ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოში ვირუსულად გავრცელებული სათამაშო თოჯინის მფლობელი კომპანია Pop Mart-ის წინააღმდეგ არც თუ ისე დადებითად არის განწყობილი.
“ლაბუბუს” სახელით ცნობილი სათამაშო უშნო ელფის ფორმისაა და დალუქულ ყუთებში იყიდება, ანუ ადამიანმა, რომელიც “ლაბუბუს” იყიდის, არ იცის, თუ რომელი სათამაშო ამოუვა. ეს ბიზნესმოდელი ივნისის ბოლოს ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება People's Daily-მ გააკრიტიკა და მთავრობას რეგულაციების გამკაცრებისკენ უბიძგა.
ამ თემაზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საკუთარი სახელით ჯერ არ ულაპარაკია, მაგრამ ჩინურ სახელმწიფო მედიაში, მით უმეტეს, ასეთ დონეზე, სიახლეები, როგორც ცნობილია, ცენზურის გარეშე არ გადის. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სი ძინპინის კომუნისტური მთავრობაც ამ შეხედულებას იზიარებს. People's Daily-ის შეფასებით, Pop Mart-ის საიდუმლო ყუთებში და საკოლექციო ბარათებში დიდ ფულს იხდიან, რაც კომპანიის მხრიდან ერთგვარ მანიპულაციად შეიძლება ჩაითვალოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში, Pop Mart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 630%-ით გაიზარდა, რაც ამ პერიოდში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. People's Daily-ის მიერ გავრცელებულ სიახლეს ინვესტორები უარყოფითად შეხვდნენ, რის შემდეგაც კომპანიის აქციები არასრული 14%-ით გაუფასურდა, მაგრამ კორექცია მალევე დასრულდა და მოკლევადიანი კლების მიუხედავად, მხოლოდ ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციები 195%-ითაა გაძვირებული.