1750747475
„ალბათ, მოვა დრო და ჩვენი შრომაც დაფასდება“ - რა ღირს ერთი კილოგრამი ჩრდილოამერიკული „შავი ოქროს“ ხორცი

ანგუსი საქართველოში მასობრივად გავრცელებული პირუტყვი არ არის. ალბათ, თითებზეც შეიძლება იმ ფერმერების ჩამოთვლა, ვისაც ეს პირუტყვი საკუთარ ფერმაში ჰყავს. ანგუსს ჩრდილოამერიკულ ოქროსაც კი უწოდებენ, რადგანაც მისი ხორცი ძვირად ფასობს. ურქო, არამერძეული, შავი და ძლიერი ცხოველი საგანგებოდაა გამოყვანილი. მისგან უგემრიელეს ბეკონს ამზადებენ. ადიგენელ ფერმერ იმედა ბოლქვაძეს სოფელ ზანავში 25 სული ანგუსი, ეს გამორჩეული პირუტყვი ჰყავს, რომლებსაც ასევე განსაკუთრებულად უვლის. რატომ დაინტერესდა ადიგენელი ფერმერი ამ პირუტყვით, როგორ მოვლას საჭიროებს ანგუსი, ამას თავად გვიამბობს.
იმედა ბოლქვაძე:
ყველაფერი ასე დაიწყო: სოფლის მეურნეობაში კოოპერატივის სახით 2016 წლიდან ჩავერთე, მაგრამ ამას სერიოზული სახე მიეცა, როცა 2021 წელს საკუთარი ფერმა ავაშენე და პირუტყვი შევისყიდე. ჩვენს მეურნეობაში ვართ მე, ჩემი მშობლები და გვყავს დამხმარეებიც.
- რატომ ანგუსი? რატომ დაინტერესდით ამ პირუტყვით და სად შეიძინეთ?
- 2016 წელს სახელმწიფომ კოოპერატივებისთვის რძის წარმოება-გადამუშავების პროგრამა დაიწყო. საწარმოებს აფინანსებდნენ, კოოპერატივების განვითარების სააგენტო გვეხმარებოდა. დავიწყეთ რძის მიღება-წარმოება, მაგრამ გზადაგზა ბევრ პრობლემას წავაწყდით. პირველი ის, რომ ბაზარი უკონტროლო აღმოჩნდა. მერე საკითხებს ჩავუღრმავდით და მივხვდით, რომ განათლების დეფიციტიც იყო და ასეა დღესაც. ბევრი რამ არც ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ვსწავლობდით და ასე ვცდილობდით განვითარებას.
საქონლის ადგილობრივი ჯიშები მყავდა და ჯიშის ჩანაცვლება ხელოვნური განაყოფიერებით დავიწყეთ. შედეგი რომ მივიღეთ, ინტერესი მომეცა (ხელოვნური განაყოფიერებით 7-8 თაობაა საჭირო, რომ "სუფთასისხლიანი" მიიღო). ამიტომ მეხორცული და მერძეული ჯიშით დავინტერესდით.
- და მერე ანგუსი იყიდეთ?
- 2021 წელს ერთი ფერმერისგან 11 სული ანგუსი შევიძინე - ერთი ბუღა მწარმოებელი და 10 მაკე დეკეული, ანუ მოსაგები... ის ადგილობრივ ჯიშთანაც შევაჯვარე, მაგრამ მათი წარმოებაც განვაგრძე. ორივე შემთხვევაში იდეალური შედეგი მივიღე. შემდეგ, რადგან რძის ამბავიც მაინტერესებდა და ამაზეც მქონდა გათვლა, ესტონეთიდან შვეიცარიული შვიცის ჯიშის პირუტყვი შემოვიყვანე, თან მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდი.
- ახალქალაქის შვიცებიც ხომ არსებობს...
- კი, ეგ თავის დროზე კავკასიური წაბლასა და შვიცის ჯიშის შეჯვარებითაა მიღებული. შეიძლება განსაკუთრებული სისხლის არ არის, მაგრამ კარგი პირუტყვია. მოკლედ, შემოყვანილ შვიცებს ახალქალაქის შვიცებთანაც ვაჯვარებ. ფერმა სულ 600 კვადრატია, რაც 160-170 სულ საქონელზეა გათვლილი... ასე რომ, მყავს ადგილობრივი ჯიშები, შვიცები და ანგუსები (ამჟამად სულ 25 სული).