1750747475
„ამჟამად 40-ზე მეტი სახეობის ბოსტნეულს ვაწარმოებთ, სამომავლოდ, ვგეგმავთ მცირე ტყე-ბაღების გაშენებასა და ხილის წარმოებას“ – „ფერმა ოდაში“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში მდებარე „საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა“ „ფერმა ოდაში“ მესამე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ფერმის დამფუძნებლები, სალი კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი ადგილზე სეზონურ ორგანულ ბოსტნეულს აწარმოებენ.
ამ ეტაპზე ფერმაში დაახლოებით 40 სახეობის ორგანული ბოსტნეული იწარმოება. დამფუძნებლები სამომავლოდ გაფართოებას და ხილის დამატებასაც აპირებენ. უფრო დეტალურად, როგორია ფერმის სამომავლო გეგმები, მოთხოვნა და წარმოება, „ბიზნესპრესნიუსი“ „ფერმა ოდაშის“ დამფუძნებლებს ესაუბრა:
პირველ რიგში, რომ მოგვიყვეთ ფერმის შესახებ, რამდენი ხანია ბაზარზე ოპერირებთ და რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
- „ფერმა ოდაში“ უკვე მესამე წელია რაც არსებობს და ჩვენც ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სეზონური და ორგანული ბოსტნეულის წარმოება. მარტივად და ზოგადსაკაცობრიო ენაზე რომ ვთქვათ, ვაწარმოებთ ბოსტნეულს და მწვანილს ისე, რომ არ ვიყენებთ სინთეზურ შხამ-ქიმიკატებს. ჩვენი ბიზნეს მოდელი ოდნავ განსხვავებულია, სტანდარტული ბოსტნეულის მწარმოებლებისგან, რადგან ჩვენ საქართველოში პირველად შევქმენით ე.წ. „საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა“. ეს მოდელი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ქმნის პირდაპირ კავშირს ფერმერსა და მომხმარებელს შორის.
ამ მოდელის დახმარებით მომხმარებელი გარანტირებულად იღებს ოჯახისთვის ორგანულ ბოსტნეულს 22 კვირის განმავლობაში, ხოლო ფერმა უზრუნველყოფილია ამ ბოსტნეულის მოყვანისთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური რესურსით. ეს მოდელი ნაწილობრივად სოციალური პროექტიც არის, რადგან ჩვენი საზოგადოების წევრებთან ერთად ვვითარდებით და გვაქვს ერთმანეთთან იმაზე მეტი ურთიერთობა, ვიდრე მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორისაა. ჩვენი მიზანი არის არა მხოლოდ გამოვკვებოთ ჩვენი საზოგადოების წევრები, არამედ ერთად შევქმნათ მდგრადი და გრძელვადიანი მეურნეობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს ხარისხიანი პროდუქტის შექმნას. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია წინასწარ, სეზონის დასაწყისში, ან „ფერმა ოდაშის“ და რესტორან „ეზო“-ს საერთოდ პროექტ საკვირაო ფერმერულ ბაზარზე, რომელიც იმართება ყოველ კვირას თბილისში, რესტორან „ეზო’-ში.
რამდენად არის მოთხოვნა ბიო წარმოების პროდუქციაზე?
- ბოლოდროინდელი ამბების შემდეგ, განსაკუთრებით გაიზარდა მომართვიანობა ჩვენი ფერმის პროდუქტის მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ პატარა ფერმა ვართ და გვიჭირს ყველა პოტენციური მომხმარებლის დაკმაყოფილება. ზოგადად, მოთხოვნა ბიო და ორგანულ პროდუქციაზე მზარდია და იმედს ვიტოვებთ, რომ მეტი ჩვენი მსგავსი ფერმა გაჩნდება საქართველოში და ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას.
ჯამში რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებთ და თუ არის რომელიმე პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია?
- ჯამში 40-ზე მეტი სახეობის ბოსტნეულს ვაწარმოებთ. ჩვენს მიერ წარმოებული ბოსტნეული შესაძლოა, არ იყოს ვიზუალურად ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ფორმებით, მაგრამ გემოვნური თვისებები და სიჯანსაღე ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტის დახმარებით ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ბოსტნეულის ნარჩენები, რადგან სტატისტიკის მიხედვით, გლობალურად წარმოებული ბოსტნეულის დაახლოებით 40% ნაგავსაყრელზე მიდის. ჩვენმა მომხმარებელმა კი უკვე იციან, როგორ გამოიყენონ მაგალითად სტაფილოს ფოჩები, ყაბაყის ყვავილები, ბროკოლის ღეროები და ასე შემდეგ.
ამასთანავე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სტანდარტული პროდუქტების გარდა, ვაწარმოებთ ისეთ არასტანდარტულ ბოსტნეულს, როგორიც არის ქეილი, მანგოლდი, კოლრაბი, არაუგულა, დაიკონი, ბაზილიკი, ჩინური კომბოსტო, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის კარტოფილი და სტაფილო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა სიახლეებს გეგმავთ?
- 2025 წელი გარდამტეხია ჩვენთვის - შარშან გავიმარჯვეთ საგრანტო კონკურსში “მწვანე გურია”, რომელიც CENN-ის დახმარებით ჩატარდა. ამ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ბოსტნეულის და მწვანილის ზუსტი სათესი და შესაბამისი კულტივატორები, რომელთა დახმარებით შევძლებთ, რომ უკეთესი და მეტი პროდუქტი მოვიყვანოთ. აქვე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ როგორც პროექტის ორგანიზატორებს, ასევე, ევროკავშირს გამოყოფილი თანხებისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში დაგვიდგა.
ჩვენი სამომავლო გეგმები მეტწილად საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ ვაწარმოებთ ბოსტნეულს კონკრეტული ოჯახებისთვის და მათგან მიღებული უკუკავშირიდან გამომდინარე, ვახდენთ ჩვენი წარმოებს ცვლილებას და მოდიფიკაციას. ამასთანავე, მომხმარებელს ბოსტნეულის გარდა სხვა პროდუქტებიც აინტერესებს და განვითარების შემდეგი ეტაპი ზუსტად ეს იქნება - ეტაპობრივად მცირე ტიპის ტყე-ბაღების გაშენებას ვგეგმავთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გარკვეული წლების პერიოდის შევძლებთ მომხმარებლებს მივაწოდოთ ხილი და კენკრა. გარდა ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ წელს შევძლებთ გარკვეულის რაოდენობის ცივი სათბურების აშენებას, საიდანაც შევძლებთ სეზონის გაგრძელებას და ზამთარშიც მივაწვდით პროდუქტს ჩვენს მომხმარებლებს.