ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

სპორტი 1756460937
ნიკა კვეკვესკირი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარეირა დაასრულა და მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.

ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა სასტუმრო "პარაგრაფში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს, სტაფის თითოეულ წევრს და ყველას, ვისთანაც მიმუშავია. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვისგანაც უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ.

ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური 60-ზე მეტ შეხვედრაში და ყველასთვის საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე თამაში. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დგება დრო, როდესაც ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშალო.

მადლობა გულშემატკივარს და მედიას, რადგან ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ დიდი წარმატებას და მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები წინაა", - თქვა ნიკა კვეკვესკირმა.

ნიკა კვეკვესკირმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა. სწორედ მისი ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი იყო გადამწყვეტი საქართველო - საბერძნეთის პლეი-ოფის ისტორიულ ფინალში, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა. კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან იცავდა. სადებიუტო მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო ბოლოს ნაკრების მაისური სომხეთთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მოირგო.

საკლუბო დონეზე უთამაშია ზუგდიდის ბაიას, დინამო თბილისის, ცხინვალის, გორის დილას, ბაქოს ინტერის, გაბალას, ტობოლის, პოზნანის ლეხის და უნგრული ნირეჰაზას შემადგენლობაში.

bm.ge