საქართველოს ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირი ტრანსფერი - მიქაუტაძე „ვილიარეალში“ ითამაშებს

სპორტი 1756540370
გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „ლიონიდან“ კარიერას ესპანურ „ვილიარეალში“ გააგრძელებს. ინფორმაციას წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემები ადასტურებენ.

სატრანსფერო თანხა 30 მლნ ევროა, რაც ნიშნავს იმას, რომ მიქაუტაძე საქართველოს ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მონაწილე გახდა.

ქართველ ფეხბურთელში ამაზე მეტი თანხა, ერთ კონკრეტული ტრანსფერისას, მხოლოდ ორჯერ არის გადახდილი - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ პსჟ-ში 75 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებები 35 მლნ ევროდ გამოისყიდა.

გიორგი მიქაუტაძემ 2024-25 წლების სეზონიდან მოყოლებული „ლიონის“ მაისურით 49 მატჩი ჩაატარა - 18 გოლი და 11 საგოლე პასი.

ცნობისთვის, „ვილიარეალმა“ ლა ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აქვს.

ვალენსიური კლუბი წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ლიგის ფაზაში შემდეგ მეტოქეებს შეხვდება - „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“, „პაფოსი“, „ტოტენჰემი“, „აიაქსი“, „კოპენჰაგენი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“.