1752579533
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)

ფინანსური ანგარიშგების ახალი საერთაშორისო სტანდარტი - ფასს 18 - შეიქმნა ინვესტორების მიერ კომპანიების შესწავლისა და შედარებითი ანალიტიკური პროცესის გაადვილებისთვის.
კორპორატიული აღრიცხვის სამყაროში “ფინანსური ანგარიშგების წარდგენა” (ბასს 1, IAS 1) ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური სტანდარტია. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (IASB) მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს ეს სტანდარტი და მის ნაცვლად სამოქმედოდ შემოიღოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 18 (IFRS 18): „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და ინფორმაციის გამჟღავნება.“ ეს ცვლილება ყველაზე მასშტაბური და კრიტიკულია ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულ განახლებებს შორის.
რატომ იცვლება?
დღეს მოქმედი სტანდარტი (ბასს 1, IAS 1) არ განსაზღვრავს ფინანსური უწყისების კონკრეტულ სტრუქტურას. ინვესტორები და ანალიტიკოსები ბევრი წელია, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა კომპანიის ფინანსური ანგარიშგება ხშირად ძნელად შესადარებელია ერთმანეთთან. შეიძლება, ორი ფირმა ეკონომიკის ერთი და იგივე დარგში მუშაობდეს, მაგრამ ფინანსურ ინფორმაციას ამჟღავნებდეს იმდენად განსხვავებული ფორმატით, რომ მათი ფინანსური შედეგებისა და მიკროეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან დაპირისპირება საკმაოდ შრომატევად საქმედ იქცეს. ფასს 18-ის დანიშნულებაა, ინვესტორებს და ანალიტიკოსებს გაუადვილოს საქმე და უზრუნველყოს მათთვის სტანდარტიზებული ფორმატის უწყისების წარდგენა.
IFRS 18-ის შემოღების მეორე მთავარი მიზეზი გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის აუცილებლობაშია. ბასს 1 ფირმებს აძლევდა საშუალებას, საკუთარი სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად დაეჯგუფებინათ ფინანსური უწყისების სხვადასხვა კატეგორიები, რაც განდეტალებული ინფორმაციის დაფარვის, ან ანგარიშგებაში „ჩაკარგვის“ რისკს ატარებდა. ანუ სურვილის შემთხვევაში „არაკეთილსინდისიერ“ ორგანიზაციებს შეეძლოთ (და 2026 წლის ბოლომდე შეეძლებათ), სრულად და ამომწურავად არ გაამჟღავნონ მათთვის სენსიტიური (როგორც წესი, ნეგატიური) მონაცემები.
რა იცვლება?
ფასს 18-მა შემოიტანა სამი ძირითადი სიახლე:
1. მოგება-ზარალის უწყისის სტრუქტურა განახლდა და დაექვემდებარა (მკაცრად განსაზღვრულ) ახალ წესებს;
2. სავალდებულო გახდა მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული წარმატების საზომების (MPMs) შემუშავება და გამჟღავნება;
3. დამტკიცდა ფინანსურ უწყისებში ინფორმაციის დაჯგუფების სახელმძღვანელო.
1. მოგება-ზარალის უწყისის სტრუქტურა
დადგინდა მოგება-ზარალის უწყისის 5 კატეგორია:
🔵 საოპერაციო;
🔵 საინვესტიციო;
🔵 საფინანსო;
🔵 მოგების გადასახადი;
🔵 შეწყვეტილი ოპერაციები.
შემოიღეს მოგება-ზარალის უწყისის 3 სავალდებულო ქვეჯამი:
🔵 საოპერაციო მოგება;
🔵 მოგება დაფინანსებისა და მოგების გადასახადამდე;
🔵 წლის მოგება.