"სასტუმროს ბიზნესში რომ მუშაობ, ან ძალიან გიყვარს, ან არ მუშაობ"- ვალერი ჩეხერია

ბიზნესი 1701681460
ჩეხერია

გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკის "დილიდან საქმეში" სტუმარი, "რუმსის" აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერიაა.

  • როგორია ვალერი ჩეხერია, დილიდან საქმეში?


საქმეში ყველაზე პროდუქტიული დილიდან ვარ, შესაბამისად ადრე ვიღვიძებ. ვცდილობ, რომ ყოველთვის ვივარჯიშო, რის შემდეგაც სამსახური იწყება, რომელიც უბრალოდ ჩემი სამსახური კი არა, საყვარელი საქმე და ცხოვრების წესია. სასტუმრო ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, სამსახურში მისვლისას პირველ რიგში, მოკითხვით ვიწყებ, თუ რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც თანამშრომლებს ვხვდები, მთელი დღის დასაგეგმად.

ყოველდღიურად იმდენ ადამიანთან და ობიექტთან გაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლომდე შენს გარშემო ბევრი ამბავი ხდება.

დღე ძალიან გრძელია. ოფისში დილის 9 საათზე მისვლით იწყება და საკმაოდ გვიან მთავრდება, რადგან ეს საქმე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც სტუმარი შენს ზღურბლს გადმოაბიჯებს, მისი უსაფრთხოება, კარგი კვება, დასვენება და კარგი გამოცდილების მიღება, რომ მეორედაც მობრუნდეს, შენი პასუხისმგებლობა ხდება.

  • ამბობ, რომ სასტუმრო ცოცხალი ორგანიზმია და ძალიან ელემენტარული საკითხიც კი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგის მიზეზი გახდეს. რა გამოწვევებ გამკლავება გიწევს იმისათვის, რომ "რუმსი" იყოს ის, რაც ჩვენ გვიყვარს და რასაც პატივს ვცემთ?


პირველ რიგში, თანამშრომლების კმაყოფილება. თანამშრომელი, რომელიც აქ მოდის, უნდა იყოს ბედნიერი, რომ შესაბამისი სერვისი სხვას მიაწოდოს. წარმოუდგენელია, ის ენერგია გადასცეს მომხმარებელს, რაც ჩვენ გვინდა, თუ ის არ იქნება აქ მუშაობით ბედნიერი. ეს არის ჩემი პირველი ამოცანა, რომ ყველა თანამშრომელს მოვუსმინო და ყველა თანამშრომელი მნიშვნელოვანია.

მეორე პრიორიტეტი არის ის, რომ შემოსავლიანი ადამიანის დღე იმდენად დაკავებულია, რომ არ აქვს ექსპერიმენტების საშუალება. ამიტომ, მას უნდა, რომ თუნდაც "ლანჩისთვის" გამოყოფილ 1 საათში ხარისხიანად მოემსახურონ და კარგ გარემოში იყოს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რისთვის შემოდის მომხმარებელი. თითოეული მათგანი ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

  • ტყუილად არ მითქვამს "რუმსზე" საამაყო მეთქი, რადგან ძალიან ხშირად მომისმენია საქებარი სიტყვები იმ ხარისხსა და კულტურაზე, რომელსაც ქმნით. რამდენად მნიშვნელოვანია ვალერი ჩეხერიასთვის, რომ მსგავს ბრენდებზე მუშაობდეს ?

ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ვფიქრობ ამ კითხვას უპასუხებს. ცოტა ხნის წინ, ერთი კომპანია დავტოვე, რის შემდეგაც არაერთი შემოთავაზება მივიღე. თუმცა, ყველას ვუთხარი, რომ ძალიან ვაფასებდი მათ შემოთავაზებას, მაგრამ დირექტორობა არ არის საინტერესო. თუ საშუალებას მომცემდნენ ფრთები გამეშალა და რაღაცები მეც მეკეთებინა, ამ შემთხვევაში, დავთანხმდებოდი. ასეთი შესაძლებლობა ნიუ-იორკში, იმ ადამიანთან ვიპოვე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, სასტუმროს ბიზნესში ჩემი მოტივატორი იყო. ნიუ-იორკში არაერთი პროექტი განვახორციელე, რამაც ყველა კარი გააღო. შემდეგ კი ბერლინში წავედი სამუშაოდ.

მიმაჩნია, რომ თუ პროექტი საინტერესო არ არის, ჩემთვისაც არ არის მუშაობა საინტერესო. სასტუმროს ბიზნესში რომ მუშაობ, ან ძალიან გიყვარს, ან არ მუშაობ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი გუნდთან დაკავშირებით სწორად შევასრულოთ. რადგან, თუ გუნდი რაღაც კომპონენტებში არ მოგყვა, ყველაფერი ჩამოიშლება. როგორ უმკლავდები, რომ სხვადასხვა რეგიონში, განსხვავებულ ხასიათებში შექმნა სერვისი და გუნდი ისე კარგად გეჭიროს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს?
როდესაც გენერალური მენეჯერი ხარ, შენს თავს არ ეკუთვნი. შენ ამ ბრენდს ეკუთვნი და მისი სახე ხარ.

მეორე პრინციპი მაქვს ის, რომ ქალთა უფლებები იყოს გაძლიერებული. შესაბამისად, ყველა ჩვენი გენერალური მენეჯერი არის ქალი და ეს ყოველთვის ასე იყო. ყველა თანამშრომელს, რომელსაც ამჟამად წამყვანი პოზიცია უჭრავს, ყველაზე დაბალი რგოლიდან აქვს მუშაობა დაწყებული. ადამიანს თუ ბევრი რგოლი არ აქვს გავლილი, შანსი არ არის, რომ მან გუნდს კარგად უხელმძღვანელოს. ამერიკაში სტუდენტი არ არსებობს, რომელსაც მიმტანის პოზიციაზე არ აქვს ნამუშევარი. ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა არასოდეს ყოფილა.

  • როგორი უნდა იყოს ქართული ტურიზმი?

როდესაც საქართველოში მოდიხარ, უნდა იყოს მოლოდინი, რომ უფრო გაჯანსაღებული წახვალ. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც  ტურისტს ეცოდინება, რომ სხვა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით იაფად იცხოვრებს, დახვდება გამაჯანსაღებელი კურორტები, გასტრონომია, ღვინო, საქართველოდან იმუშავებს, ასევე ღონისძიებებსა და კონფერენციებს დაესწრება, რითაც რეგიონში ლიდერები ვართ.

  • გაიხსენე ერთი მაგალითი, რამაც გავლენა მოახდინა და რადიკალურად შეგცვალა.


რაც გავიზარდე არ მაქვს ე.წ. fuck up დღეები. არ მიმაჩნია, რომ ეს არის წარუმატებლობა, რადგან ეს ახლის დასაწყისის და შექმნის პროცესია. მიმაჩნია, რომ გამოწვევა და კონკურენცია მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიზარდოთ. შესაბამისად, ამ პრინციპით ვმუშაობთ მთელი გუნდი.

  • მითხარი, რა არის ვალერი ჩეხერიას "დრაივი"?

ვალერი ჩეხერიას "დრაივი" არის საქართველო, რომელშიც ახალი, უკეთესი თაობა იზრდება. ასევე "დრაივი" იქნება ის, რომ ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ბევრი "რუმსი" იქნება.