1759310592
„90-იანებში ოჯახში 2 პურის მიტანით თავს გამარჯვებულად ვგრძნობდით - დღეს უფრო მაღალი დონის მოთხოვნები გაგვაჩნია“ - ვისზე აისახება ეკონომიკური ზრდა

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი კი 7.9%-ით განისაზღვრა.
რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ გრძნობს, თუმცა მოლოდინი გაცილებით მეტი აქვთ. როგორც ის “ბიზნესპრეანიუსთან” საუბრისას განმარტავს, როდესაც საზოგადოება ხედავს შედარებით განვითარებული ქვეყნების ცხოვრების მაღალ დონეს, მეტი მოთხოვნები და მოლოდინი უჩნდება.
“მოსახლეობა გრძნობს, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები იმას ვერ სცდება, რა მოლოდინიც გააჩნია საზოგადოებას. ოჯახების რაოდენობა გაცილებით მეტია საქართველოში, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულთა, ანუ ის კონტინგენტი, ვისაც სტაბილური, მყარი, გარანტირებული შემოსავალი გააჩნია. დაახლოებით, 1/3-ია იმათი რაოდენობა, რომელთა ოჯახის არცერთი წევრი არ ჰყავს დაქირავებით დასაქმებული. ეს კონტინგენტია ძირითადად ის, ვინც სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, ამ კატეგორიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რატომ ვერ გრძნობენ, ისინი მაღალ ეკონომიკურ ზრდას.
მთლიანობაში, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა იზრდება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ბიზნესსექტორში გაიზარდა საშუალო ხელფასიც და დაქირავებულთა რაოდენობაც. მე რა თქმა უნდა, ოფიციალურ სტატისტიკას ვეყრდნობი და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომ ჩვენ ეჭვი შევიტანოთ ამ ოფიციალურ მონაცემებში. სტატისტიკის მიხედვით, თვეში იმდენად გაიზარდა საშუალო ხელფასი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რაც დაახლოებით, 90 000 შინამეურნეობის წლიური შემოსავლის ტოლია. უნდა ჩავთვალოთ, რომ 90 000 შინამეურნეობისთვის საკმარისი თანხა გავიდა მოსახლეობაში, შესაბამისად, გაიზარდა მათი მსყიდველობითუნარიანობა და საბაზრო მოთხოვნა.
ამიტომ წინსვლას აქვს ადგილი, მაგრამ მეორე მხრივ, პრესით, ტელევიზიით, ინტერნეტით, როდესაც ხედავთ როგორია ცხოვრების დონე შედარებით განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანებს უჩნდება უკმარისობის განცდა. მაგალითად, ადრე 90-იან წლებში ოჯახის უფროსი თავს გამარჯვებულად გრძნობდა, თუ იმ დღეს 2 პურის მიტანას მოახერხებდა, მაგრამ დღეს უფრო მაღალი დონის, დახვეწილი მოთხოვნები გაგვაჩნია. როდესაც შესრულებას ვერ ექვემდებარება ეს მოთხოვნები, გვიჩნდება ნეგატიური განწყობა”, - ამბობს სოსო არჩვაძე.
კითხვაზე, ამ უკმარისობას განაპირობებს თუ არა ფასების ზრდისა და შემოსავლის ზრდის არათანაბარი ტემპი, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ნაწილობრივ ასეა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპს ყველაზე მეტად გრძნობს ის, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს.
“ ნაწილობრივ დაგეთანხმებით. ბოლო 5 წელში სურსათზე ფასების ზრდა და ხელფასების ზრდა თითქმის თანაბარი იყო, ამან ფაქტობრივად ის ნაწილი, ვისაც დაბალი ფიქსირებული შემოსავალი აქვს და დიდი ნაწილი სურსათზე იხარჯება, ისინი ვერ იგრძნობენ მატებას. თუმცა, ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციამ შეადგინა 4,6% , ანუ ვისაც საშუალო და საშუალოზე ოდნავ მაღალი შემოსავალი გააჩნია, მათი შემოსავალი ფარავდა არამარტო გაძვირებულ სურსათს, არამედ მათ რჩებოდათ თანხა, რომ სხვა მოთხოვნები წაეყენებინათ სამომხმარებლო ბაზრისთვის”, - ამბობს სოსო არჩვაძე.