1769155701
„იმედი გვაქვს, რომ ფასების შემცირებას აპრილის ბოლომდე გზადაგზა მივაღწევთ“ - ირაკლი კობახიძე
„ჯამური ფასნამატი არის 86%, აქედან 44% მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე, ჯამურად არის 86%-მდე“, - ამის შესახებ სურსათზე ფასებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფასების შესწავლის ნაწილში სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.
„განსხვავდება მარჟები მარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის, ჯამურად არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდი სხვაობა ევროპულ ფასებთან. რომ შევისწავლეთ ევროპაში ფასწარმოქმნა, დაახლოებით 20%-დან 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა. ჩვენ შემთხვევაში ამას ტრანსპორტირებაც ემატება, მაგრამ მთლიანობაში 86% ბევრად მეტია, ვიდრე გერმანული მარკეტების შემთხვევაში. ამას ემატება ისიც, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც მეტია და ხელფასებიც უფრო მაღალია. ეს ბუნებრივია, განაპირობებს კიდევ უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის. ამ პირობებშიც კი 20-დან 30%-მდე მერყეობს იქ ფასნამატი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასნამატის შემცირებისა და ფასების დაკლებისთვის.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4-ლარზე ნაკლები და ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იმავე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი. თითქმის სამმაგია ფასებს შორის სხვაობა. ჩემთვის რთულად ასახსნელია ეს, თუმცა ჩავეძიებით და დავადგენთ, რამდენად არის ეს ყველაფერი ლოგიკური. ასევე ერთი საინტერესო დეტალია, რომ ხშირად პრეტენზიებს გამოხატავენ სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ - ქსელების წარმომადგენლები დისტრიბუტორების მიმართ, დისტრიბუტორები ქსელების მიმართ, მწარმოებლები ქსელების და დისტრიბუტორების მიმართ და ა.შ.
ვნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ფასების შემცირებისთვის სივრცე არსებობს, სერიოზული სამუშაო არის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტი, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია. იქ საჯაროდ წარიმართება პროცესი, მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს დისკუსიებს, რომელიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება. აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრილის ბოლომდე გვინდა, რომ დაველოდოთ ფასების შემცირებას, იმედი გვაქვს, რომ გზადაგზა მივაღწევთ შედეგებს აპრილის ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ელი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.



