1766406184
თბილისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 53.1%-ს ქმნის
2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (53.1 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.3 პროცენტი), იმერეთი (7.7 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.1 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.5 პროცენტი). ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი).
„აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5 პროცენტი).
იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1 პროცენტი) და განათლებას (9.8 პროცენტი).
ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.



