რუსეთის საზღვართან 245,886-მილიონიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ჩაიშალა

საქართველო-რუსეთის საზღვარი

საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებული 245,886-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალი უნდა აშენებულიყო, ჩაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დარიალის ხეობაში გზის მშენებლობაზე ტენდერი 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქმე ეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+940 მონაკვეთის, ლოტი-1) მშენებლობას.

აგვისტოში ტენდერში წინადადება 5-მა კომპანიამ წარადგინა და ყველა ჩინური იყო. წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანზე უარყოფის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის თანახმად, წინადადებების უარყოფის მიზეზი პრეტედენტების მხრიდან გამოცდილების ნაკლებობა და დოკუმენტაციის ხარვეზები გახდა.