1769155701
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 11 600 ლარი იქნება
მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი დამტკიცდა.
დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა სააგენტოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და სახელმწიფო გრანტის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ხელფასები.
უფრო კონკრეტულად, სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 11 600 ლარი იქნება, წლიური ხელფასი კი 139 200 ლარს შეადგენს.
თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი თვეში 9 600 ლარით განისაზღვრა, წლიური სარგო კი 115 200 ლარი გამოდის.
რაც შეეხება გრანტის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 8 000 ლარი იქნება, წლიური კი 96 000 ლარს გაუტოლდება.
ინფორმაციისთვის, 21 იანვარს თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ის 2025 წლის 22 აპრილიდან გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2025 წლის თებერვლის ბოლოს დაამტკიცა პროექტი, რომლითაც მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება მიენიჭა. შედეგად, შეიქმნა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.



