1759310592
სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის განხორციელება, შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩემი დამსახურებაც არის - კალაძე

"სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის განხორციელება, შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩემი დამსახურებაც არის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"- ის ეთერში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, რა არის მისი მერობის მთავარი მიღწევა, რასაც ამომრჩეველი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დააფასებს, კახა კალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო რეფორმა, რომლის განხორციელებაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა.
„არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, რადგან ვთვლი, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები. თუმცა, აღსანიშნავია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ეს პირადად ჩემი დამსახურებაც არის. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის რეფორმებს ახორციელებენ სხვადასხვა ქალაქში, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მერები ყოველთვის დადებით გადაწყვეტილებას არ იღებენ. მსგავს რეფორმას მოჰყვება ბევრი კრიტიკა, უკმაყოფილო ადამიანი და ყოველთვის თავს არიდებენ ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სატრანსპორტო რეფორმის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება 40%-ით არის გაზრდილი.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ძირგავარდნილი, გაუბედურებული, გამონაბოლქვის თვალსაზრისით ქმნიდა დიდ პრობლემას, დაცემული იყო ტრანსპორტის მოხმარების მაჩვენებელი. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ყველაფერი მთლიანად განვაახლეთ. შემოვიყვანეთ ახალი 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, ახალი მიკროავტობუსები. ძალიან მეამაყება, რომ დღეს, დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი, ევროპული ტიპის ტრანსპორტი.საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება 40%-ით გაიზარდა და დიდია რესურსი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ჩვენ ქუჩებს ისე ვაკეთებთ და ზოგადად პროექტებს, რომ ქუჩა ყველასთვის იყოს, ქვეითის, ავტომანქანის მძღოლის, თუ ეკო მეგობრული ტრანსპორტის მფლობელისთვის. თავად მოქალაქემ უნდა აარჩიოს რომელი ტრანსპორტი გამოიყენოს, ფეხით გადაადგილდეს თუ არა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კალაძემ ასევე ისაუბრა მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაციაზე.
"დავიწყეთ ვაგონების ჩანაცვლების პროექტი, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და 2026 წლიდან ახალი ვაგონები შემოვა. არასდროს არავის ხელი რომ არ დაუკარებია ძალოვან კაბელებზე, ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ. გამნიავებელი სისტემის აგრეგატები მთიანად განვაახლეთ. შემდეგი ეტაპი სადგურების განახლება-რეაბილიტაციაა. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერები და უცხოური გამოცდილი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემა გვაქვს და არ გვყავს შესაბამისი კვალიფიციური კადრები და კომპანიები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.