1759310592
თანამდებობის პირების ხელფასები 2026 წლიდან გაიზრდება - ვის რამდენი ანაზღაურება ექნება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით ისევ გაიზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია.
აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. ყველაზე დაბალი, 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება გამოითვლება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. მაგალითად, თუ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელთან შედარებით ხელფასები 10%-ით იზრდება, გამოდის საბაზრო ხელფასი შეადგენს 1600 ლარს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2026 წელს:
[შენიშვნა: გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით]
- პრეზიდენტი ( კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- მინისტრი ( კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
- მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) - თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
- მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 13 760 ლარი, წლიურად 165 120 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 13 280 ლარი, წლიურად 159 360 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 13 280 ლარი, წლიურად 159 360 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) - თვეში 13 120 ლარი, წლიურად 157 440 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) - თვეში 12 960 ლარი, წლიურად 155 520 ლარი;
- პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 12 800 ლარი, წლიურად 153 600 ლარი.
ცნობისთვის, აღნიშნული თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით.
იმ შემთხვევაში თუ მაგალითად, პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებას გამოვაკლებთ 20%-ს, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 12 800 ლარი, ხოლო წლიური 153 600 ლარი იქნება. მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 10 880, ხოლო წლიურად - 130 560 ლარი იქნება.რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2026 წლიდან საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 10 240 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 122 880 ლარს გაუტოლდება.