1728893891
იაპონიაში ბრინჯის დეფიციტია - მიზეზი სუშიზე გაზრდილი მოთხოვნაა
ამომავალი მზის ქვეყანაში ბრინჯის მწვავე დეფიციტია. როგორც ჩანს, იაპონიაში ბრინჯის წარმოება იმდენად შემცირდა, რომ სუპერმარკეტებს ერთ პერსონაზე მხოლოდ ერთი პაკეტი ბრინჯის გაყიდვა უწევთ.
ამ დეფიციტის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი ამინდის გაუარესება და ეროვნული წარმოების შემცირებაა, თუმცა ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს სუშიზე მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას, რასაც რეკორდული ტურისტული ნაკადი და მათი ქცევა განაპირობებს.
როგორც წესი, იაპონია წელიწადში 7 მილიონ ტონა ბრინჯს მოიხმარს, თუმცა 2024 წლის ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, რასაც გაორმაგებული ტურისტული ნაკადი განაპირობებს.
ეროვნული წარმოების შემცირების ფონზე, შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ არ ზრდის ქვეყანა უცხოეთიდან იმპორტს, რასაც საინტერესო ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ იაპონიის აგრიკულტურული ბაზარი გარე სამყაროსგან იზოლირებულია, რადგან მთავრობას ბრინჯის იმპორტზე 778%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ანუ უცხოეთიდან იაპონიაში ბრინჯის შეტანა იმდენად ძვირია, რომ მას არანაირი აზრი არ აქვს. თავად ამ უცნაური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ადგილობრივი წარმოების დაცვა და ტრადიციული მეთოდოლოგიის შენარჩუნებაა, რაც, თავისი არსით, პოპულისტური ნაბიჯია, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის ობიექტურად ცუდია, თუმცა ბრინჯის მწარმოებელთა კავშირისთვის - ხელსაყრელია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, თუკი ხელისუფლება საიმპორტო ტარიფებს არ შეამცირებს, ქვეყანაში ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომ რესტორნებს სუშის ზომის შემცირება მოუწევთ.