1754294396
ზელენსკიმ საქართველოს ორი მოქალაქე დაასანქცირა რუსულ „ჩრდილოვან ფლოტთან“ თანამშრომლობისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებით დაკავებულ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საქართველოს ორი მოქალაქე დაასანქცირა. ისინი 94 ფიზიკური პირის, მათ შორის, გემების კაპიტნებისა და 5 კომპანიის სიაში არიან, რომლებიც რუსულ „ჩრდილოვან ფლოტთან“ თანამშრომლობენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ თავის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, ხოლო სია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჯერად უკრაინის პრეზიდენტმა დაასანქცირა არიან 1975 წელს დაბადებული ირაკლი ცინცაძე და 1989 წელს დაბადებული კახა ბორჩხაძე.
ორივე პირს უკრაინაში აქტივები 10 წლით დაებლოკა, ანუ საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლება ჩამოერთვათ. ასევე, სანქცირებულ პირებს შეეზღუდათ სავაჭრო ტრანზაქციები, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტი, ავია ან ნებისმიერი გადაზიდვები; უკრაინიდან კაპიტალის გატანა და სხვა.
„მომზადებულია სანქციების სამი პაკეტი და პირველი პაკეტი უკვე ავამოქმედეთ. ყველა ამ პაკეტს, მათ შორის, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კაპიტნების მიმართ სანქციებს ჩვენს პარტნიორებთან დავასინქრონიზირებთ,“ - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით დასანქცირებულ 94 ფიზიკურ პირს შორის 83 რუსეთის, საქართველოს ორი, ხოლო დანარჩენი ბანგლადეშის, ინდოეთის, ირანის, ჩინეთის, მიანმარისა და პაკისტანის მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, სიაში რუსეთის ხუთი კომპანია, მათ შორის, „გაზპრომნეფტ-შიპინგია“.
მაისის შუა რიცხვებში უკრაინის უმაღლესმა რადამ „სანქციების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებები შეიტანა. კანონი იმ საზღვაო და საჰაერო ხომალდების მიმართ ზომების გამოყენებას ეხება, რომლებიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების „ჩრდილოვან ტრანსპორტირებაში“ მონაწილეობენ. დოკუმენტის ტექსტში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ვოლოდიმირ ზელენსკი რეგულარულად აწერს ხელს ბრძანებებს რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რომლებსაც უკრაინა რუსეთთან თანამშრომლობასა და ანტიუკრაინულ პროპაგანდაში ადანაშაულებს. ამ სიას უკრაინის სამინისტროები და დეპარტამენტები ადგენენ, შემდეგ კი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.
ცნობისთვის, Dryad Global-ის მონაცემებით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების რაოდენობა 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირებული 100-ზე ნაკლები ტანკერიდან 2025 წლის დასაწყისში 300-600 ერთეულამდე გაიზარდა. ტანკერების, დაახლოებით, 40% რუსეთმა ევროკავშირის გამყიდველებისგან მიიღო. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების მფლობელები მუდმივად იცვლებიან. ისინი, ასევე, გემების გადაყიდვას ეწევიან ოპერატორებს იცვლიან.