ტრამპმა პუტინს ომის დასრულებისთვის მიცემული ვადა 50-დან 10 დღემდე შეუმცირა

მსოფლიო 1753855418
ტრამპი და პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მის მიერ ადრე მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმი 10 დღემდე შეუმცირა. ამის შესახებ ტრამპმა განცხადება 29 ივლისს გააკეთა.

ტრამპის თქმით, თუ რუსეთი 10 დღეში, ანუ 8 აგვისტოსთვის, არ გადადგამს „ქმედით ნაბიჯებს“ მშვიდობის მისაღწევად, ვაშინგტონი მოსკოვს დამატებით ტარიფებსა და სანქციებს დაუწესებს. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯები შესაძლოა, პუტინის პოზიციაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდინოს, რადგან „რუსეთის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს“.

„პუტინით იმედგაცრუებული ვარ. არ ველოდი, რომ ამდენი დრო დასჭირდებოდა კონფლიქტის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ, ის ვადა, რომელიც თავდაპირველად 50 დღით განვსაზღვრე, ახლა 10 დღემდეა შემცირებული", – განაცხადა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, 14 ივლისს, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ თუ მხარეები 50 დღეში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, აშშ რუსეთზე „მეორად სანქციებს“ დააწესებდა.

თუმცა ტრამპმა ამჯერად აღნიშნა, რომ დრო აღარ დარჩა და მოსკოვმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს. მისი თქმით, „დროის გაყვანის მცდელობა არც მშვიდობას ემსახურება და არც რუსეთის ინტერესებს“.