„ლაურუსი“ დაფნის ექსპორტს ჩინეთში გეგმავს

ბიზნესი 1721901540
დაფნა

    დაფნის გადამმუშავებელ საწარმო „ლაურუსი” ექსპორტს ჩინეთში გეგმავს. კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა ამ ეტაპზე 100%-ით რუსეთში გადის.

    როგორც „ლაურუსის" დირექტორი ივანე ჯალაღონია Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე ჩინურ მხარესთან მოლაპარაკება დასრულებულია და კონტრაქტი გაფორმებული.

    „რუსეთში დაფნაზე დიდი მოთხოვნაა, წყვეტა მიწოდების მხრივ ფაქტობრივად არ გვქონია, ამ მხრივ არც ომის მიმდინარეობას შეუშლია ხელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობდით ალტერნატიული ბაზრის ძებნას. ამ ეტაპზე ასეთი ბაზარია ჩინეთი, პარტნიორებმა მასშტაბური ხელშეკრულებები შემოგვთავაზეს“, - ამბობს ივანე ჯალაღონია.

    მეწარმის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 300 ტონა დაფნის ექსპორტს გეგმავენ. აქედან 100 ტონას ჩინეთის, ხოლო 200 ტონას რუსეთის ბაზარზე გაიტანენ.

    „ჩინეთში ერთი კილოგრამი მშრალი დაფნა $4,5  ღირს, ხოლო რუსეთში უმაღლესი ხარისხის დაფნის საექსპორტო ფასი $5,5 -ია. ჩვენი პლანტაციებიდან, რომელიც 60 ჰექტარზეა, ყოველწლიურად 30 ტონა დაფნის ფოთოლს ვიღებთ. დანარჩენ ნაწილს კი ექსპორტისთვის ფერმერებისგან ვყიდულობთ“, - ამბობს ივანე ჯალაღონია.

    დაფნის გადამმუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 429,000 ლარი შეადგინა, აქედან 257,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის თანამონაწილეობაა.

    საწარმოში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო ახალი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, სეზონზე დამატებით 65 ადამიანი დასაქმდება.