საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ჩინეთის ბაზარზე შევიდა

ბიზნესი 1721891482
„ნიკოლი“

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის Nikolli-ის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ინგლისში წარმატებული ექსპორტის შემდეგ, კომპანია ჩინეთის ბაზარზეც შევიდა.

„პირველი შეკვეთა ჩინეთის ბაზარზე უკვე გაიგზავნა. ეს ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპორტის მოცულობას გავზრდით. დამკვეთებმა 2024/2025 წლის კოლექცია შეისყიდეს“, - განაცხადა ნიკა ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, კომპანია, წარმოების ზრდის ფონზე გაფართოებას გეგმავს და ამ კუთხით ინვესტორს ეძებს.

„იზრდება წარმოება და სრულფასოვანი მაღაზიის კონცეფციაზე გადასვლა იგეგმება, ვეძებთ ფინანსურ რესურსს. სიახლე გვაქვს ასევე, ის რომ ამ კვირის ბოლოს წარმოებაში ჩაეშვება სასკოლო კოლექცია და დავამატეთ წინდების ხაზიც“, - განაცხადა მეწარმემ.

ამ დროისთვის „ნიკოლის“ პროდუქცია წარმოდგენილია დუბაისა და ინგლისის ბაზრებზე.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ადგილობრივ ბაზაზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 3 თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.