„არ ვიცით სად, რომელ კლინიკაში, რამდენი ადამიანი იღუპება“ – რა შეიცვლება კლინიკების აკრედიტაციის შედეგად

ჯანდაცვა 1721633478
ვახტანგ კალოიანი

2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის აკრედიტაცია სავალდებულო ხდება. არსებობს მოლოდინი, რომ აკრედიტაციის გავლის შემდეგ, მინიმუმადე დავა სამედიცინო შეცდომები და გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, აკრედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ მოლოდინი, რომ ის შეცდომებისგან დაგვაზღვევს, გადამეტებულია. „საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოლოდინი, რომ ის შეცდომებისგან დაგვაზღვევს, ცოტა გადამეტებულია.

ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში აკრედიტაცია მნიშვნელოვან როლს არ ითამაშებს. უფრო მნიშვნელოვანია აკრედიტაციის შემდეგ მეტად მოწესრიგებული პროცესები. დღევანდელი მდგომარეობით კლინიკების ნაწილმა აკრედიტაცია უკვე მიიღო, გარკვეული ნაწილი პროცესში არიან, ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, იქნება კატეგორია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს ან უბრალოდ უარს იტყვიან აკრედიტაციის გავლის სურვილზე.

იმედია, დიდი ნაწილი მიიღებს მას“ - აცხადებს კალოიანი. მისი თქმით, ხარისხის უზრუნველყოფის ნათელი მაგალითის მიღებამდე, ხარისხის საკითხში ჩარევას ისინი ვერ შეძლებენ. „სანამ ჩვენ ხარისხის უზრუნველყოფის ნათელი მაგალითი არ გვექნება, მანამდე ვერ შევძლებთ ხარისხის საკითხში ჩარევას, რომ ვიცოდეთ, რა ხარისხის სამედიცინო მომსახურებას აწვდის დღეს ესა თუ ის დაწესებულება. სამწუხაროდ, არანაირი სწორად შეკრებილი ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს.

ამასთან, არ ვიცით სად, რომელ კლინიკაში რამდენი ადამიანი იღუპება, რომელ განყოფილებას რა გართულებები აქვს - ამ ინფორმაციის გასაჯაროებისა და სწორი ფინანსური სტიმულირების გარეშე ძალიან რთული იქნება მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება და მომსახურების ხარისხზე საუბარი“ - აცხადებს ის.

ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ასეთ აღრიცხვას ყველა პასუხისმგებლობიანი დაწესებულება აკეთებს.

„ყველა პასუხისმგებლობიანი სამედიცინო დაწესებულება მისთვის აწარმოებს მსგავსი სახის სტატისტიკას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რაც შეეხება ბიზნესს და მომხმარებლის დაპირისპირებას, მე ოდნავ სხვანაირად შევხედავდი ამ საკითხს - ხარისხიანი მედიცინა არის კარგი ბიზნესი“, - აცხადებს კალოიანი.