1754035618
6 მლნ ოჯახის უზრუნველყოფას შეძლებს დენით - შოტლანდიაში მსოფლიოში უდიდესი ქარის ელექტროსადგური აშენდება

შოტლანდიის მთავრობამ მსოფლიოში უდიდესი ოფშორული (საზღვაო) ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამის შესახებ პროექტის რეალიზატორი კომპანიის SSE-ის განცხადებაში წერია, რასაც Bloomberg ავრცელებს.
ქარის ელექტროსადგური, Berwick Bank, რომლის მშენებლობაც შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროდან, დაახლოებით, 38 კილომეტრში იგეგმება, ელექტროენერგიით 6 მლნ ოჯახის უზრუნველყოფას შეძლებს.
პროექტი, დაახლოებით, 10 წელია, მუშავდება. მთავრობის ნებართვა ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად ქარის ენერგიაზე ჩანიშნული ტენდერის დაწყებამდე, რომელიც აგვისტოში დაიწყება.
Berwick Bank-ის ქარის ელექტროსადგურს დიდ ბრიტანეთში 9 300 სამუშაო ადგილის შექმნის პოტენციალი აქვს, საიდანაც, დაახლოებით, 4 650 შოტლანდიაში იქნება. პროექტის მთელი პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთის ეკონომიკაში ინვესტიციებმა შესაძლოა, 8.3 მლრდ ფუნტი სტერლინგი შეადგინოს.
კომპანიის ცნობით, „პროექტს აქვს პოტენციალი, განახლებადი ელექტროენერგიის გენერაციაში შოტლანდიის ამჟამინდელი ოპერაციული სიმძლავრე, თითქმის, 25%-ით გაზარდოს, რაც 2045 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას ხელს შეუწყობს”.
ცნობისთვის, SSE plc ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი შოტლანდიის ქალაქ პერტში მდებარეობს. ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის კოტირებული და FTSE 100-ინდექსის შემადგენელი ნაწილია. SSE დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ოპერირებს.