1752307380
ჯეკ დორსიმ Bluetooth-სოციალური ქსელი Bitchat-ი შექმნა

Twitter-ის დამფუძნებელი, ანტრეპრენიორი ჯეკ დორსი სოცუალური ქსელების ბაზარზე ბრუნდება. ამჯერად, დორსიმ საზოგადოებას ახალი დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი წარუდგინა, რომელიც კომუნიკაციისთვის Bluetooth-ის ქსელს იყენებს. Bitchat-ი სრულად P2P-ქსელია, რომელსაც არც ინტერნეტი სჭირდება, არც ცენტრალიზებული სერვერები, არც სატელეფონო ნომრები და ელექტრონული ფოსტა.
ანტრეპრენიორის შეფასებით, ეს პროექტი, რომლის სახელწოდება, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტა ბიტკოინს უკავშირდება, ექსპერიმენტია, რომლის მიზანი რამდენიმე ტექნოლოგიის გამოცდაა. დორსის თქმით, სოციალური ქსელი მომხმარებლის ადგილმდებარეობას ეყრდნობა და კომუნიკაციისთვის სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებს, რომელთაც დაშიფრული ინფორმაცია დანიშნულების წერტილამდე, ანუ სმარტფონამდე მიაქვთ.
Bitchat-ის ქსელში მესიჯები მხოლოდ იმ მოწყობილობაზე ინახება, რომლებიც მესიჯის გამგზავნი და მიმღები არიან. ამასთან, მესიჯები გარკვეული პერიოდულობით იშლება და თან, ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურას მესიჯებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რაც სწორედ ის მიზანია, რომელიც ჯეკ დორსის მრავალი წლის განმავლობაში აქვს. დორსი, ზოგადად, სრული დეცენტრალიზაციის მომხრეა, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე გადახდებში.
Bitchat-ის მსგავსი აპლიკაციები პოპულარულ კულტურაში 2019 წელს ჰონკონგში, ანტისამთავრობო პროტესტების დროს გამოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ Bitchat-ით სარგებლობა ადამიანებს ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ, ის იდეალური საკომუნიკაციო საშუალება ხდება ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სადაც ინტერნეტს ხშირად ახშობენ. Bitchat-ის გამოსაყენებლად მომხმარებელს არც რეგისტრაცია დასჭირდება, რაც სრულ ანონიმურობას უზრუნველყოფს.