1753958091
რუსეთმა ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა. განცხადება ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის Telegram-არხზე ვრცელდება.
ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი, მათ შორის, საწარმოო კომპანიებისთვისაც 31 აგვისტომდე აიკრძალა. მანამდე აკრძალვა მხოლოდ ტრეიდერებს, შუამავლებსა და ნავთობბაზებს ეხებოდა.
„ექსპორტის აკრძალვის გამკაცრება მაღალი სეზონური მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი,“ - წერს მთავრობა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საწვავის ბაზარზე ფასები წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიზარდა და თითქმის, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბენზინის საბითუმო ფასების მკვეთრი ზრდა აპრილში დაიწყო. მას შემდეგ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე AI-92-ის ღირებულება 29%-ით გაიზარდა და ტონაზე 65 ათას რუბლს (793 დოლარს) გადააჭარბა, ხოლო AI-95-ის ფასი ტონაზე 28%-ით, 73 ათას რუბლამდე (890 დოლარამდე) გაიზარდა, რითაც, თითქმის, 2023 წლის ზაფხულში დამყარებული აბსოლუტური რეკორდი მოიხსნა.
17 ივლისს ენერგეტიკის მინისტრ სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ სანქციების გამო რუსეთის ნავთობკომპანიები გადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებასთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდიან. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მომხდარი „ჩავარდნები“ აღჭურვილობის მიწოდების პრობლემებს აწყდება. ეს მიწოდება 2022 წლის თებერვალში, ანუ უკრაინაში შეჭრის პირველი პაკეტის ფარგლებში ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა.
მინისტრი დასძენს, რომ სასანქციო შეზღუდვების გამო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთების ვადები ხანგრძლივდება და მთავრობა იძულებულია, ამ ცვლილებების კომპენსირება მოახდინოს.
Reuters-ის ცნობით, გასულ წელს რუსეთის ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 12-წლიან მინიმუმამდე მას შემდეგ დაეცა, რაც უკრაინული დრონების დარტყმების სერიამ, მინიმუმ, 10 უდიდესი ქარხანა დააზიანა. მათგან ზოგიერთი თვეების განმავლობაში უმოქმედოდ დარჩა.
იმავე Reuters-ის გათვლებით, რუსეთში საავტომობილო ბენზინის წარმოებამ იანვარ-მაისში 18.6 მლნ ტონა, ხოლო შიდა ბაზარზე მიწოდებამ 15.8 მლნ ტონა შეადგინა. ასევე, იანვარ-მაისში რუსეთმა რკინიგზით პორტებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით ბენზინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, მეოთხედით გაზარდა, რამაც 2.51 მლნ ტონას მიაღწია.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვები 2024 წლის 1-ლი მარტიდან დააწესა. გამონაკლისი სამთავრობათაშორის, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან შეთანხმებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი მოხმარებისთვის ექსპორტირებული საწვავისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი საავტომობილო ბენზინის მიწოდებას ეხებოდა. ემბარგო 20 მაისიდან 2024 წლის ივლისის ბოლომდე დროებით შეჩერდა, ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან საავტომობილო საწვავის ექსპორტის უფლება მხოლოდ მწარმოებლებს მიეცათ.
bpn.ge