$500 სამ წლამდე ბავშვებზე - შობადობის გაზრდის მიზნით ჩინეთში ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

მსოფლიო 1753768860
ჩინელი

ჩინეთის ხელისუფლებამ შობადობის გაზრდის მიზნით ახალი პროგრამა აამოქმედა. ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ბავშვის სახელზე სახელმწიფო ყოველწლიურად 3,600 იუანს, ანუ დაახლოებით 500 დოლარს გაიღებს.

აღსანიშნავია, რომ თანხა ოჯახებს პირდაპირ არ გადაეცემათ და მისი გამოყენება მხოლოდ ბავშვის საჭიროების მიხედვით იქნება შესაძლებელი. ფაქტობრივად, ეს იქნება ჩინეთის მთავრობის მიერ განხორციელებული სუბსიდია 3 წლამდე ბავშვებისთვის.

ხელისუფლების მიერ მსგავსი ზომის შემოღების მიზეზი შობადობის მკვეთრი შემცირების სტატისტიკაა. თუ 2017 წელს ჩინეთში 17.9 მილიონი ბავშვი დაიბადა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9.3 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, 2020-2024 წლების შუალედში 41 500 სკოლამდელი სასწავლებელიც დაიხურა. მიზეზი აღსაზრდელთა რაოდენობის 25%-ით შემცირდება გახდა. შობადობის გაზრდის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ხელისუფლება ადრეული განათლების მიღებას მეტად ხელმისაწვდომს გახდის.

აღსანიშნავია, რომ 40 წლის წინ ჩინეთისთვის გამოწვევა არა შობადობის შემცირება, არამედ მისი უკონტროლო ზრდა იყო. სწორედ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად დადგინდა “ერთი ბავშვის პოლიტიკა” და ის 1980 წელს ამოქმედდა. სტრატეგიის ფარგლებში, ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებს ერთზე მეტი შვილის ყოლა შეეზღუდათ. გამონაკლისის სახით კი მრავალშვილიანობის უფლება მხოლოდ სოფლებში მცხოვრებლებსა და ეთნიკურ უმცირესობებს შეუნარჩუნდათ.

“ერთი ბავშვის პოლიტიკა” 2015 წელს, სამუშაო ძალის დაბერებისა და შობადობის მკვეთრად შემცირების გამო შეჩერდა. ის ჯერ “ორი შვილის პოლიტიკამ”, შემდეგ კი “სამი შვილის პოლიტიკამ” ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი ჩინეთში 2021 წლიდან მოქმედებს.

ახალი სტრატეგიის ამოქმედებით ჩინეთის მთავრობის საბოლოო მიზანი დემოგრაფიული კრიზისის რისკების შემცირება და სამუშაო ძალის კლებით გამოწვეული საფრთხეების თავიდან არიდებაა.