ბრილიანტის ფასი მკვეთრად ეცემა – რა არის მიზეზი?

ბრილიანტი

გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის ფასები მკვეთრად ეცემა. DIAMOND INDEX-ის შეფასება ერთწლიან პერიოდში 10%-ით არის შემცირებული, ხოლო 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კლება 43%-ს აჭარბებს.

მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძვირფასი ქვა უფასურდება, ჭარბი მიწოდებაა: ექსპერტების შეფასებით, დაუმუშავებელი ბრილიანტით ბაზარი ზედმეტადაა გაჯერებული.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ალმასზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი მცირდება ახალი თაობების მხრიდან ბუნებრივი ქვებისადმი ინტერესის განელებაა. დღესდღეობით მილენიალები და Gen Z სამკაულის ალტერნატიულ, მდგრად ფორმას, მაგალითად, ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტს ანიჭებენ უპირატესობას.

ინდუსტრიის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომწოდებლები მომხმარებლის პრეფერენციებს უნდა მოერგონ. ვითარება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა მყიდველები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბრილიანტის მოპოვების ეთიკური გზებითა და ეკომეგობრული ალტერნატივებით, რის გამოც მოთხოვნა სინთეტიკურ ალმასზე იზრდება. ლაბორატორიაში მიღებული ბრილიანტების ქიმიური შემადგენლობა ნატურალური ალმასის იდენტური და, ამავე დროს, უფრო ბიუჯეტურია.

bm.ge