„სექტემბრის პირველ ნახევარში გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს, რომელიც ეხება რუსულ-ჩინური დაჯგუფება „ქართული ოცნების“ ე.წ. ქოლცენტრებს“

გიორგი ჩიკვაიძე

როგორც კი დავტოვებ დაწესებულებას, ჩემი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სამომავლო გეგმებს ჩიკვაიძე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რეალური სამართლიანობის აღდგენას და „ამ რეჟიმის დამნაშავეთა უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემას“.

ამასთან, როგორც ჩიკვაიძე განმარტავს, პრობლემას უქმნის ეტლში ჯდომა და მარცხენა თვალი.

„დღეს 39 წელი შემისრულდა. რაღაცნაირად, გახარებული და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სისტემის ტყვე ვარ და ვიმყოფები საკანში, სადაც ტემპერატურა, სავარაუდოდ, 40°-ზე მეტია. სირთულეებთან ერთად, ცოტა გართობასაც ვასწრებ, ბევრს ვკითხულობ, ძირითადად - მსოფლიო პოლიტიკაზე და... მებაღეობაზე. 24 საათის განმავლობაში ვუყურებთ „ფორმულას“ და ტვ-პირველს. თითოეული ჟურნალისტი, ლამის, ოჯახის წევრად მიმაჩნია და, უბრალოდ, მადლობელი ვარ მათი. თუ გამიმართლა, დღეს ტორტი მაქვს შეკვეთილი და ეგეც გვექნება. პრობლემას მიქმნის ეტლში ჯდომა და მარცხენა თვალი. ეს რისი შედეგიც არის, მეც და ამის ჩამდენმაც კარგად ვიცით. მოვა დრო და აქედან გასვლისთანავე, როდესაც მომეცემა სათანადო სამედიცინო ანალიზების გაკეთების საშუალება, ამაზე სხვა ფორმატში ვისაუბრებ ბრალმდებლის სტატუსით.

მსურს, მივმართო ყველა სინდისის და პოლიტპატიმარს - ეს ციფრები თქვენი განაჩენების ფურცლებზე ღიმილის მომგვრელია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და მხნედ იყავით ბიჭებო და გოგონებო. აქ იმაზე ცოტა ხანს ვიქნებით, ვიდრე წარმოგვიდგენია. მახარებს ის, რომ ამ ასაკში შევძელი ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, თუ რამდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რამდენად მაღელვებს მისი მომავალი. აქ ბევრი ფიქრის დრო მაქვს. როგორც კი დავტოვებ დაწესებულებას, ჩემი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება. სად და როგორ - ამაზე დღეს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რეალური სამართლიანობის აღდგენას და ამ რეჟიმის დამნაშავეთა უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემას. დაწყებული - მექოლცენტრე სოსო რამიშვილიდან და კორუმპირებული კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილიდან, დამთავრებული - პიჯაკიანი პაიკი ჯავარაშვილითა და ვაი-მოსამართლე იზა კელენჯერიძით. მაგალითად ვასახელებ ჩემი საქმეში მოქმედ აქტორებს, თუმცა ვგულისხმობ ყველა მონა-მოსამართლეს, პროკურორს, მოძალადეს, მოღალატეს და კანონდამრღვევს. ოღონდ, ისე კი არა, როგორც თქვენ „შეგვიკერეთ“ საქმეები მეც და სხვებსაც, არამედ თქვენს მიერ უკვე ჩადენილი რეალური სისხლის სამართლის დანაშაულების საფუძველზე.

ჩემი ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" და მის ბელადთან სამი წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდში ისინი არაერთხელ ვამხილე რუსულ მოღალატეობრივ ქმედებებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ვიგინდარა თაღლითებს ვიღაცამ დააჯერა, რომ ჭკვიანები არიან, თუმცა, ეს ასე არ არის და ამაში სექტემბრის პირველ ნახევარში დაგარწმუნებთ. რას ვგულისხმობ? - დოკუმენტები, რომლებიც აქ, ჩემს გვერდზე, გამოქვეყნდება ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ეხება რუსულ-ჩინური დაჯგუფება "ქართული ოცნების" ე.წ. ქოლცენტრებს. გაგიკვირდებათ და, ამ დაწესებულებებში მხოლოდ ფულს არ იპარავენ. მეტიც, ფსბ-ს დავალებით, 2024 წ. დეკემბრიდან მოყოლებული, მათი სამიზნეები იყვნენ FBI-ს მაღალჩინოსნები და აშშ-ის სხვა სტრატეგიული ობიექტების პასუხისმგებელი პირები. ამ დოკუმენტებს ყველა ერთად იხილავთ და დარწმუნდებით, რომ სალდაფონ კობახიძის მიერ წარმოებული პროპაგანდა, თითქოს მათ არაფერი აკავშირებთ რუსეთთან, არის მორიგი მდაბიო ტყუილი. აქვე გაგახსენებთ მარკო რუბიოს სიტყვებს: "არის კი ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული ძალა ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში?!..."

დარწმუნებული ვარ, რომ ამ, სავარაუდოდ, ბოლო ომში რუსეთთან ქართველი ხალხი სახელოვნად გავიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რეჟიმის ფასადური მონოლითურობა საპნის ბუშტივით არის.

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას თანადგომისა და სოლიდარობისთვის.

გავიმარჯვებთ სახელოვნად! ძალა ერთობაშია! ცეცხლი ოლიგარქიას!“,- წერს ჩიკვაიძე.

bpn.ge