ლისაბონის „სპორტინგი“ ქოჩორაშვილის სანაცვლოდ „ლევანტეს“ შვიდ მილიონ ევროს სთავაზობს

გიორგი ქოჩორაშვილი

პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერმა, ლისაბონის „სპორტინგმა“ ესპანურ „ლევანტესთან“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო და მზადაა, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ შვიდი მილიონ ევრო გადაიხადოს, – ინფორმაციას გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.

„25 წლის ქართველის გადაბირებისთვის კლუბი ამზადებს შვიდ მილიონ ევროს (ხუთ-ნახევარი მილიონი ევრო ფიქსირებული, პლუს ერთ-ნახევარი მილიონი ევრო ბონუსებით). „სპორტინგის“ მიზანია, დაიმატოს ფეხბურთელი, რომელიც წელს „ლევანტეს“ ერთ-ერთი ლიდერია“, – წერს გამოცემა.

„ა ბოლა“ ასევე აქვეყნებს მარკ ბაროას ინტერვიუს. 25 წლის ფეხბურთელი ქოჩორაშვილთან ერთად მოკრძალებულ ესპანურ კლუბში, „პარალადაში“ თამაშობდა.

„გიორგი შესანიშნავი შენაძენი იქნება, მას ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს. დიახ, „პერალადაში“ გადაიკვეთა ჩვენი გზები და დავმეგობრდით. მას შეუძლია, ითამაშოს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, რვა ან ათ ნომერზე. ვფიქრობ, უფრო წარმატებული საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მაღალი, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ბევრს დარბის. დისციპლინირებულია, იგი საკუთარ ფიზიკურ ფორმაზე მუდმივად ზრუნავს.

მას აქვს ჩემპიონის მენტალიტეტი, გიორგის უყვარს ბურთის ფლობა, დუელებში ინტენსიური და აგრესიულია, გუნდისთვის დინამიკურობა მოაქვს. ის ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც ყველა მწვრთნელს მოსწონს. ქოჩორაშვილი ძალიან ბევრს მუშაობს, გარემოსთან სწრაფად ადაპტირდება და მიმაჩნია, რომ „სპორტინგისთვის“ შესანიშნავი დანამატი იქნება“, – აღნიშნა ესპანელმა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ რიგებში 25 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.