1754035618
გადაწონა თუ არა სოჭი აფხაზეთმა, სადაც დასვენება ორ-სამჯერ იაფია - რუსული Pink Elephant-ის შეფასება

აფხაზეთში დასვენება, სოჭთან შედარებით, ორ-სამჯერ იაფია. ამის შესახებ რუსულ „კომერსანტს” ტურისტული სააგენტოების ქსელ Pink Elephant-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსან მკრტჩიანმა განუცხადა.
მისი თქმით, „აფხაზეთი გაცილებით გაიაფდა და ეს განსაკუთრებით აპრილსა და მაისში იყო შესამჩნევი“. კერძოდ, აპრილში სამვარსკვლავიან სასტუმროში ორ ადამიანზე გათვლილი ნომერი სამჯერადი კვებით დღეში 135 რუბლად, ანუ დოლარნახევრად იყიდებოდა.
„ასეთი ფასები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს; არც ბოტსვანაში, არც ნამიბიაში, არც ლაოსში, არც კამბოჯაში. განზრახ ვასახელებ ღარიბ ქვეყნებს, რადგან იქაც კი ვერ ნახავთ სასტუმროს ამ ფასად,“ - ამბობს მკრტჩიანი.
ასევე, მისი ცნობით, მაისის ბოლოს, კერძოდ, 22-დან 29 მაისამდე სამკაციანი ოჯახი ბავშვით ერთი კვირის განმავლობაში აფხაზეთში კვებით 11.2 ათას რუბლად (139.5 დოლარად), ანუ დღეში 1,6 ათას რუბლად (20 დოლარად) დაისვენებდა. ამჟამად, ზაფხულის სეზონზე იმავე სასტუმროებში ოჯახზე სამჯერადი კვებით დასვენება დღეში, დაახლოებით, 3-4 ათასი რუბლი (37-50 დოლარი) ღირს.
„სოჭში მსგავსი არაფერია და ახლოსაც ვერ იქნება,“ - აცხადებს მკრტჩიანი.
მაგალითად, სოჭის სამვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ოჯახს კვებით დღეში, მინიმუმ, 9-10 ათასი რუბლი (112-125 დოლარი) უჯდება, რაც აფხაზეთთან შედარებით ორ-სამჯერ უფრო ძვირია.
თუმცა, მკრტჩიანი „არაკორექტულად“ მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი ტურისტებს სოჭიდან იზიდავს, რადგან, მისი შეფასებით, ეს ორი განსხვავებული სეგმენტია.
კერძოდ, აფხაზეთში რუსები რუსეთის შიდა რეგიონებიდან ჩადიან, „ვინც მანამდე ზღვაზე არასდროს ყოფილა და პირველად გახდა ფინანსურად ხელმისაწვდომი, რადგან ყველაფრისთვის დღეში 135 რუბლის ანუ დოლარნახევრის გადახდა არა მხოლოდ იაფი, არამედ ფაქტიურად უნიკალურია“. ამდენად, საქმე სოჭის ჩანაცვლებას კი არა, არამედ ახალი ტურისტების მიზიდვას ეხება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ზღვაზე მოგზაურობა რეალობად იქცა ათასობით ოჯახისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ამის საშუალება არ ჰქონდათ“, - ამბობს მკრტჩიანი.
მისი თქმით, გავლენა მოახდინა გაუმჯობესებულმა ლოგისტიკამაც, კერძოდ, სოხუმის აეროპორტის გახსნამ, სარკინიგზო მომსახურების აღდგენამ და აფხაზეთში მსხვილი რუსული ტურ-ოპერატორების შესვლამ, რომელთაც ზამთარში მთელი სასტუმრო ნომრები იყიდეს. ამან დაბალი საბაზისო ფასები, განსაკუთრებით „დაბალ“ სეზონზე, ანუ აპრილ-მაისში ჩამოაყალიბა, „შემდეგ კი მასშტაბის ეფექტი ჩაირთო და ტურნაკადში გადაიზარდა“.
„თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვის შეუძლია, რეალურად „გადაწონოს“ აფხაზეთი, ეს უფრო ბიუჯეტური მიმართულებები, ანუ ანაპის, ტუაფსეს ან ეისკის რაიონებია, რადგან სოჭი რუსეთში ყველაზე ძვირადღირებული კურორტია. ჩვენ ვხედავთ, რომ სოჭზე კვლავ მაღალი მოთხოვნაა, თუმცა იქ გადახდისუნარიანობა და მომხმარებელთა მოთხოვნები სრულიად განსხვავებულ დონეზეა. ამ სეზონზე აფხაზეთის წარმატება „გადაწონის“ შედეგი კი არ არის, არამედ განსხვავებული მოთხოვნის შექმნის შედეგია“, - აცხადებს მკრტჩიანი.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის „კინოფონდის“ დირექტორმა ალექსანდრ ბასარიამ განსახლების ადგილობრივ ბიზნესს მოუწოდა, რუს ტურისტებზე უარი თქვან, რადგან ისინი იაფ ტურებს ყიდულობენ და დასვენებაზე ფულს ზოგავენ. მისი თქმით, რუსი ტურ-ოპერატორები სასტუმროების ბიზნესსა და ექსკურსიებში ფასების დემპინგს ეწევიან, რის გამოც აფხაზი მეწარმეები იტანჯებიან. ბასარიას შეფასებით, იაფი რუსი ტურისტები „აფხაზეთის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემუქრებიან.“
ასევე, ივნისში დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასული ტურისტების უმეტესობა მცირე თანხას ხარჯავს. ის ამბობდა, რომ აფხაზეთს ასეთი სტუმრები არ სჭირდება, რადგან იმ შემოსავალს ვერ მიიღებს, რასაც იმედოვნებდა. ამ განცხადების გამო კრისტინა ლაკერბაია სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს.
bpn.ge