Wizz Air ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს იწყებს, ხოლო მადრიდის მიმართულებით აახლებს

Wizz Air

Wizz Air მადრიდის მიმართულებით ფრენებს აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Wizz Air ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს.

„მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ქუთაისი - ლიონი - ქუთაისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 3 ივნისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ამასთან, Wizz Air Hungary ოპერირებას განაახლებს ქუთაისი - მადრიდი - ქუთაისის საჰაერო ხაზზე. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მარტამდე ახორციელებდა. ავიარეისები განახლდება 29 აპრილიდან და შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 მარტს მიანიჭა,“ - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.