1743318000
ფულადი ჯილდო სახლის შეძენა-გარემონტებისთვის - როგორ ებრძვის იტალია რეგიონების მოსახლეობისგან დაცლას

ბოლო წლების განმავლობაში იტალიის ხელისუფლება რეგიონებში მეჩხერი მოსახლეობისა და მიტოვებული სახლების მქონე დასახელებების გადაშენებას აქტიურად ებრძვის. ამ ადგილებში მოსახლეობის დასაბრუნებლად სხვადასხვა პროგრამა მოქმედებს.
ტრენტინოს პროვინცია
იტალიის ამ ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, რომელიც ალპური დოლომიტების მთებით არის ცნობილი, პროგრამა ახლახან ამოქმედდა. CNN-ის ცნობით, პროვინციის ხელისუფლება იტალიელებსა და ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში ერთი მიტოვებული სახლის რესტავრაციაში ფულს სთავაზობს.
კერძოდ, სარემონტო სამუშაოების გრანტი 80 000 ევროს ითვალისწინებს, ხოლო უძრავი ქონების შესაძენად 20 000 ევრო არის გამოყოფილი.
პროგრამის მონაწილეებს მოეთხოვებათ, სახლში 10 წელი იცხოვრონ ან გრძელვადიანად გააქირაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული თანხის დაბრუნება მოუწევთ.
ინიციატივა რეგიონის 33 მცირე ქალაქს ეხება, რომლებიც გადაშენების პირასაა. ამ დასახლებებში მიტოვებული სახლების რაოდენობა დასახლებულთა რაოდენობას აჭარბებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიტოვებული სახლების შეძენა-აღდგენის სტიმულირებისთვის ორი წლის განმავლობაში 10 მლნ ევრო გამოყო. თუმცა რესტავრაციაზე შეზღუდვები არსებობს. კერძოდ, მისი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ევროს, ხოლო მფლობელმა 120 000 ევრო საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს, რაც ადგილობრივ არქიტექტურასთან შეუთავსებელ ზედმეტად მდიდრული ვილების აშენებას გამორიცხავს. ქონების შეძენის ღირებულებაზე ლიმიტი არ არსებობს, თუმცა 20 000-ევროიანი გრანტი მთლიანი ხარჯის მხოლოდ 35-40%-ს ფარავს.
პროგრამის თითოეულ მონაწილეს უძრავი ქონების არაუმეტეს სამი ობიექტის შეძენა შეუძლია, რომ მთელი ქალაქის შესყიდვა თავიდან იქნეს აცილებული. რეგიონში მცხოვრებ 45 წლამდე ასაკის პირებს პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლიათ, რადგან ის მხოლოდ მიტოვებული შენობების რეაბილიტაციას ეხება, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან ან დააზიანოს მიმდებარე ტერიტორია.
იმ თემების სია, სადაც პროექტი განხორციელდება, შესაძლოა, შეიცვალოს, თუ სახლების შესაძენად განაცხადების რაოდენობა არასაკმარისი, ასეთი სახლები კი ცოტა იქნება.
კალაბრიას რეგიონი
2021 წლის ზაფხულიდან 3 წლის განმავლობაში იტალიის სამხრეთ რეგიონ კალაბრიას ხელისუფლება 28 000 ევროს სთავაზობდა იმ ადამიანებს, ვინც ადგილობრივ სოფლებში დასახლდებოდა. ამით კალაბრიას ხელისუფლებას მოსახლეობის მრავალწლიანი გადინების შეჩერება სურდა.
CNN-ის ცნობით, სამოსახლოს ასარჩევად კალაბრიას ზღვის სანაპიროსა და მთის კალთებზე განლაგებული რამდენიმე სოფელი იყო წარდგენილი, სადაც, დაახლოებით, 2 ათასი მცხოვრები იყო დარჩენილი. თანხის მისაღებად ახალ მოსახლეს ვალდებულება უნდა აეღო მცირე ბიზნესის ნულიდან წამოწყებაზე ან უკვე არსებული და სოფლისთვის საჭირო სამუშაო პოზიციის მიღებაზე. კანდიდატები ბინადრობის ნებართვას მიიღებდნენ და არაუმეტეს 40 წლის ასაკის უნდა ყოფილიყვნენ. ისინი კალაბრიაში განაცხადის წარდგენიდან 90 დღეში უნდა დასახლებულიყვნენ.
რეგიონის ხელისუფლებამ პროექტისთვის 700 000-ზე მეტი ევრო გამოყო.
2021 წლის მდგომარეობით, კალაბრიის 75%-ზე მეტ, ანუ, დაახლოებით, 320 ქალაქში 5000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, რაც რამდენიმე წელიწადში ზოგიერთი თემის მთლიანად გაქრობის საფრთხეს აჩენდა.
აპულიის რეგიონი
2022 წლის ნოემბრიდან იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ამ რეგიონის ქალაქი, პრესიჩე-აკვარიკა 30 000 ევროს ოდენობის გრანტს გასცემდა ყველაზე, ვინც სახლს შეიძენდა და ქალაქში დარეგისტრირდებოდა.
უფასო გრანტი შეძენილი საცხოვრებლის ღირებულების 50%-ის დასაფარად ან უძრავი ქონების განახლებაზე უნდა დახარჯულიყო. პრესიჩე-აკვარიკაში სახლის შეძენა 40 ათას ევროდან, ბინის კი 60 ათასი ევროდან იყო შესაძლებელი. იმ პერიოდისთვის ქალაქში 10 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მოქალაქეების შესანარჩუნებლად მერია ბავშვის დაბადებისთვის ათასევროიანი პრემიასაც კი გასცემდა.
ტოსკანას რეგიონი
2024 წლის ივნისში იტალიის ცენტრალურ რეგიონ ტოსკანაში დაიწყო პროგრამა სახელწოდებით, “რეზიდენცია მთებში” (Mountain Residence). სპეციალურად შექმნილი საერთო ფონდი 2, 8 მლნ ევროს შეადგენდა, საიდანაც რეგიონის სოფლად დასახლების მსურველები ფინანსდებოდნენ.
კერძოდ, ფონდი გრანტის სახით 10,000-დან 30,000 ევრომდე გადაუხდიდა პირს, ვინც ტოსკანაში საცხოვრებლად გადავიდოდა და სოფლის სახლს განაახლებდა, რომელშიც უნდა ეცხოვრა.
გრანტი სახლის რემონტის ღირებულების 50%-ს ტოსკანას 76-იდან ერთ-ერთ ქალაქში ფარავდა, სადაც მოსახლეობა 5,000-ზე ნაკლები დარჩა. ამ პატარა ქალაქებს შორის მოხვდა სან-კაშანო-დეი-ბანი, რომელიც თავისი თერმული აუზებით არის ცნობილი; ასევე, მიქელანჯელოს კაპრეზე, რომელიც რენესანსის მხატვრის მშობლიური მხარეა და კუნძული, კაპრაია-იზოლა.
პროგრამა ხელმისაწვდომი იყო იტალიელებისთვის, ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში გრძელვადიანი, მინიმუმ, 10-წლიანი ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ. აპლიკანტები, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, ვალდებული იყვნენ, ტოსკანას საკუთრება მათ მთავარ საცხოვრებელ სახლად გაეხადათ.
კუნძული სარდინია
იტალიის ამ ავტონომიური რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობა 3,000 ადამიანს არ აღემატება. კუნძულზე საცხოვრებლად გადასვლისთვის, სახლის შეძენის ან გარემონტების შემთხვევაში ფულადი ჯილდოს სახით 16,200 დოლარი გაიცემოდა. მთავარი პირობა სარდინიაში მუდმივი მცხოვრების სტატუსის მიღება იყო.