"ძალიან ბევრი პრიორიტეტი აქვს ხის სახლს" - რა ღირს და როგორია მოთხოვნა ოდა სახლებზე

ბიზნესი 1749797863
ხის ხახლი

საქართველოში ხის ენერგოეფექტურ სახლებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. მომხმარებლები ოდა სახლებს აშენებენ როგორც მუდმივ საცხოვრებლებად, ასევე ტურისტული მიზნებითა და საზაფხულო დანიშნულების საცხოვრისებად.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „ოდაჰაუსის“ ადმინისტრაციული მენეჯერი მარიამ გუგუციძე აღნიშნავს, ბაზარზე ხის სახლებზე მოთხოვნა ფიქსირდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლებისგან.

რა ღირს და როგორია მოთხოვნა ხის სახლებზე?

„მაღალია მოთხოვნა როგორც მუდმივ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე საგაზაფხულო სახლებსა და კომერციული დანიშნულების, მაგალითად, ტურისტული ობიექტების მშენებლობაზე. ხის სახლებზე მოთხოვნა ბაზარზე ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან არის, მაგრამ გვყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. უცხოელი მომხმარებლების მხრიდან ძირითადად მოთხოვნა არის საცხოვრებელი ტიპის სახლებზე. თბილისის შემოგარენი საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ასევე შეკვეთები არის რეგიონებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხის სახლებზე მოთხოვნა. მზარდია მოთხოვნა რაჭაში, ყაზბეგში, კახეთში, გურიაში, აჭარასა და ა.შ. კვადრატულის ფასი საშუალოდ დაახლოებით 1200 ლარია, თუმცა ფასები ინდივიდუალურია და დამოკიდებული არაერთ ფაქტორზე“, - აღნიშნავს მარიამ გუგუციძე.

ხის სახლების კულტურა საქართველოსთვის არახალია. ძველი ოდა სახლები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დღემდე მოიძებნება, თუმცა, თანამედროვე ხის სახლები მათგან განსხვავებული ტექნოლოგიებით შენდება. ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც თანამედროვე ოდა სახლს აქვს, ენერგოეფექტურობაა.

მარიამ გუგუციძე აღნიშნავს, რომ მომხმარებლები ხის სახლების მშენებლობის ახლა ტექნოლოგიას ეცნობიან და ნდობაც იზრდება. ამ ფონზე, მოსალოდნელია რომ მომავალ წლებში ოდა სახლებზე მოთხოვნა მზარდ ტენდენციას შეინარჩუნებს.

„ძალიან ბევრი პრიორიტეტი აქვს ხის სახლს, საქართველოში ნელ-ნელა სწავლობენ და ითვისებენ ამ სფეროს, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე დიდად პოპულარული არ იყო. მართალია ძველი ოდა სახლები საქართველოში არსებობდა და ახლაც არის შემორჩენილი, თუმცა, ამჟამად სხვა ტექნოლოგიით ხდება მშენებლობა. ხის სახლები არაფრით ჩამოუვარდება რკინა-ბეტონის სახლს. აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიური სისუფთავე, მშენებლობის შემცირებული ვადები, კომუნალური ხარჯების მინიმალიზაცია და ა.შ. ამ ტიპის სახლები ზამთარში თბილია, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ხალხმა უკვე გაიცნო ხის სახლების დადებითი თვისებები, მოთხოვნა იზრდება და ნდობა ხის სახლების მიმართ მაღალია. ბევრი დამკვეთი გვყავს ისეთი, ვინც რკინა-ბეტონის სახლი ჩაანაცვლა ხით. ველოდებით, რომ რაც უფრო გათვითცნობიერდება საზოგადოება და მიხვდება, რომ ხის სახლს არ აქვს რამდენიმეწლიანი საექსპლუატაციო ვადა და საცხოვრებლად ეფექტურია, მოთხოვნაც უფრო მზარდი იქნება“, - აღნიშნავს მარიამ გუგუციძე.